Artist: Animal Collective
Album: Fall Be Kind
Release Date: 14 December, 2009
Label: Domino
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 910
ერთ წელიწადში ორი რელიზი ძალიან შთამბეჭდავი ფაქტია მე თუ მკითხავთ, თან ამას დავუმატოთ “Animal Crack Box” (ჯგუფის ლაივ კომპილაცია), რომელიც ასევე წელს გამოვიდა. Animal Collective-ს მართლაც ნაყოფიერი და შემოქმედებითად დახუნძლული პერიოდი აქვს. ალბათ ცოტა უცნაურია Josh Dib-ის, იგივე Deakin-ის, დროებითი წასვლის შემდეგ რომ დადგა ეს პერიოდი, მაგრამ რას გაიგებ, შეიძლება პირიქით, ძალიანაც ლოგიკური იყოს. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ჯოშის წასვლის შემდეგ ჯგუფის პოპულარობამ საგრძნობლად იმატა.
2009 წელი იმით დაიწყო, რომ მუსიკალურ სივრცეში Merriweather Post Pavilion გამოჩნდა. ტრუმფალური ალბომი, რომელზეც დღემდე დიდი აღფრთოვანებით ლაპარაკობენ და ალბათ წლების გასვლის შემდეგაც არ შეწყდება მასზე საუბარი. Animal Collective-მა იპოვა რაღაც მაგიური, რითაც უამრავი ადამიანი დაიპყრო, ჰიპ-ჰოპ-განგსტერი ტიპებიდან დაწყებული ავანგარდ-ინტელეგინტებით დათავრებული. გადახედეთ მათი ფანების რიცხვს და სახეობას და თავადვე დარწმუნდებით ამაში. მაინც რა გახდა ასეთი პოპულარობის მიზეზი, ნუთუ ბენ ალენი ( Ben H. Allen), ადამიანი, რომელიც გახლავთ Merriweather-ის და Fall Be Kind-ის პროდიუსერი. ფაქტია, რომ ჯგუფს მანამდე მასთან არ უმუშავია და სწორედ ამ ბოლო პერიოდში დაიწყო მათი ურთიერთობა. ალბათ მისი წვლილიც არის ეს პოპ-ორიენტირება (ბენ ალენი ასევე P-Daddy-ის და Gnarls Barkley-ის პროდიუსერია), თუმცა ცხადია ეს თავად ჯგუფის წევრების სურვილიც იყო.
Fall Be Kind CD-ს და Vinyl-ის სახით 14 დეკემერს გამოვა, მანამდე, 23 ნოემბერს, ის ინტერნეტ-რელიზის სახით გავრცელდა. სხვათა შორის, მე ამ ალბომს მაინცდამაინც EP-ს არ დავარქმევდი, ვინაიდან ის 27 წუთს გრძელდება და სრული ალბომის შთაბეჭდილებასაც ტოვებს, სიმღერების ერთმანეთში გადასვლის და რაღაც ერთიანი კონცეფციის გამო. აქ არის 5 სიმღერა, 5 ქმნილება, რომელიც შეგიძლია სათითაოდ აქციო ცალკე ალბომად.
“Graze” - პირველი ტრეკი, რომლის შესავალიც ძველი ჰოლივუდური ფილმის განწყობას მოგაგონებთ და რომელიც იწყება სიტყვებით “let me begin”. თავიდანვე გრძნობ ამ “feels good” ატმოსფეროს, რასაც თავად Avey Tare-ც აღნიშნავს ტექსტში. სიმღერა ვითარდება და გადადის მეორე ნაწილზე. აქ უნდა გითხრათ ის, რომ ალბომი შეიცავს სხვა არტისტებისგან ოფიციალურად აღებულ სემპლებს. მაგალითად აი ეს “Graze”-ის მეორე ნაწილი აგებულია რუმინელი კომპიზიტორის Gheorghe Zamfir-ის კომპოზიციაზე სახელწოდებით “Ardeleana”, სადაც ჩიტებივით ჟღურტულებენ ფლეიტები.
“What Would I Want? Sky” – სრულდება “Graze” და იწყება ჯადოსნური ამოსვლა ვოკალით, რომელსაც დრამის შემოსვლა აძლიერებს და რომელიც გრძელდება გუნდური ჰარმონიებით. ეს ტრეკიც მეორე ნაწილზე გადადის, რომლის მთავარ მისამღერს, “Would I Want? Sky”-ს, რატომღაც მეგონა, რომ Geologist-ი (Brian Weitz) მღეროდა. სინამდვილეში ეს გახლავთ 70-იან წლებში მოღვაწე ამერიკული ჯგუფის Grateful Dead-ის სიმღერდიან (Unbroken Chain) ამოღებული სემპლი. ეს ყველაფერი ლიცენზირებულად, Grateful Dead-ის წევრების ნებართვით მოხდა. სოწრედ ამ სემპლს ადევს ეივი ტარეს არაჩვეულებრივი პარტია, რომელსაც ნოა ლენოქსი ავსებს თავისი თბილი ტემბრით. რომ დაუკვირდეთ, ამ მეორე ნაწილში ჯერ მარტო იმდენი ვოკალია, ამას დამატებული ინსტრუმენტალური ფონი, წესით ეს არის სრული ქაოსი, მაგრამ რაღაც საოცრად არის ყველაფერი ერთმანეთში შერწყმული და სრული ჰარმონია სუფევს.
“Bleeding” – ემბიენთი, არაჩვეულებრივი ვოკალური თანხვედრით. სხვათა შორის, Fall Be Kind-ის გამოსვლამდე ამ ტრეკს ჯგუფი ლაივზე 11 წუთის განმავლობაში უკრავდა ხოლმე და მეგონა, ალბომშიც ასეთივე ხანგრძლივობა ექნებოდა, თუმცა ის მხოლოდ 3 წუთსა და 28 წამს გრძლედება.
“On A Highway” – აი ეს ის მომენტია, როცა რამის დაწერა ზედმეტია. უბრალოდ შეუძლებელია აღწერო ხმა, რომელიც ამ სიმღერას მღერის. მელანქოლიური განწყობა, ოპტიმისტური გუნდური მისამღერით.
“I Think I Can” – ამ სიმღერის ავტორი Panda Bear-ია. გრძელი რითმულ-ფსიქოდელიური დინამიკა, რომელიც ბოლოსკენ გადადის მაჟორულ ვოკალურ ნაწილზე და სრულდება იმავე ატმოსფეროში, რითაც იწყება ტრეკი.
ყველას თავისი შეხედულება აქვს, ბუნებრივია, თუმცა მე პირადად 2009 წლის საუკეთესო ალბომის დასახელებისას “Merriweather Post Pavilion”-სა და “Fall Be Kind”-ს შორის ვაკეთებ არჩევანს. ჯერჯერობით ვერ გადავწყვიტე, რომელი მათგანი მირჩევნია, მაგრამ ფაქტია, რომ Animal Collective წლის საუკეთესო მოვლენაა.





მშვენიერია !
გეთანხმები დიტო