19 თებერვალს ჯაზ სერიების პირველი სერიის ფარგლებში საქსაფონისტი ჯოშუა რედმანი ტრიოსთან ერთად ესტუმრა თბილისს და თბილისი ივენთ ჰოლში კონცერტი გამართა.
შემდეგ კონცერტებს “ისტერნ პრომოუშენი” მარტსა და აპრილში შესთავაზებს ჯაზის მოყვარულებს. ჯაზ სერიების ფარგლებში 20 მარტს ჯონ პიზარელის კვარტეტი, აპრილში კი ფრედ უესლისა და The New JB Horns-ი დაუკრავს თბილისში.
რაც შეეხება ჯოშუა რედმანს და მის ტრიოს, რომელმაც ევროპული ტურნე 19 თებერვლის კონცერტით დაასრულეს და ახლა ამერიკულ ტურნეს წამოიწყებენ, მართლაც არაჩვეულებრივი კონცერტი შესთავაზეს მაყურებელს. ჯოშუა სრულიად ამართლებს იმ ზედსართავს, რომელსაც მასთან მიმართებაში მუსიკალური კრიტიკოსები და მსმენელები იყენებენ. მუსიკოსი მართლაც საოცრად ქარიზმატულია და არაჩვეულებრივად ახერხებს თავისი ოსტატობისა და ქარიზმის ისე შერწყმას, რომ საბოლოო ჯამში მსმენელები მონუსხოს. ამას ემატება მისი რეპერტუარი, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა განწყობის კომპოზიციებისგან შედგება და კონტრასტების ეფექტით გამოწვეული შთაბეჭდილება ორმაგად ძლიერია.

პრინციპში ჯოშუას ეფექტი მარტივად აიხსნება, თუ გავიხსენებთ, რომ ის საკმაოდ დიდი მუსიკოსის ოჯახში გაიზარდა ( მამამისი, დუვი რედმანი ასევე ცნობილი საქსაფონისტი გახლდათ), დედამ კი სულ პატარა ასაკში ბერკლში, ანუ მუსიკის მექაში მიიყვანა მუსიკის შესასწავლად.
ბავშვობაში შეძენილმა მუსიკალურმა უნარებმა უკვე შემდეგ საშუალება მიცა, ეთანამშრომლა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან, ჩიკ კორეა, ჰერბი ჰენკოკი, როი ჰარგრიუ, ბი ბი კინგი, ბრედ მელდაუ, მარკუს მილერი, დაიანა რივზი, მაკკოი ტაინერი და სხვები. პრინციპში თითქმის ყველა იმ ადამიანთან, რომელიც ჯაზის ძველი ან ახალი თაობის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან. და არა მხოლოდ ჯაზის, ჯოშუას კოლაბორაცია შედგა როლინგ სტოუნზთანაც. გარდა ამისა, წერს მუსიკას ფილმებისთვის და მართავს კონცერტებს თავისი ქარიზმით უფრო მეტი ადამიანის მოსანუსხად.
ჯაზ სერიების ამბებით იქითა თვეში შევხვდებით, მანამდე კი დაინტერესბულ პირებს შევახსენებ, პროექტის მხარდამჭერი თიბისი ბანკი საშუალებას გაძლევთ ექსკლუზიური ფასით ისარგებლოთ TBC Platinum, TBC PrimeCard და TBC Status ბარათებით ბილეთის შეძენისას.



