ჯაზი – მასობრივი და მასშტაბური

DSC_9234
მეხუთე, საიუბილეო  შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის ციფრები თავიდანვე შთამბეჭდავი იყო: 200-მდე ქართველი და უცხოელი მონაწილე, 4 სცენა და ჯაზისთვის გამოყოფილი სრული 6 დღე, რომელთა ნაწილი  მასობრი
ვი და უფასო კონცერტებისთვის იყო განკუთვნილი.
ფესტივალის პროგრამა ისეთივე მრავალფეროვანი იყო, როგორც ბათუმური ამინდი და დამსწრე საზოგადოების სამოსელად გამოყენებული ფარჩა აბრეშუმი.  შეგეძლო მოგესმინა როგორც კლასიკური, ინსტრუმენტალური ჯაზისთვის, ასევე ფანკისთვის, რეგეისთვის, პოპ-ბლუზისთვის, სასულიერო მუსიკისა და ელექტრონული ჯაზური ექსპერიმენტებისთვის.მოდით, ამბები რომ უფრო საინტერესო იყოს, შევავსოთ ტესტი. სანამ ამბავს ბოლომდე მოვყვები, გეცოდინებათ ვინ ხართ თქვენ.თქვენ სრულიად არანაირი წარმოდგენა არ გაქვთ იმის შესახებ, გიყვართ თუ არა ჯაზი, უბრალოდ ბათუმელი დამსვენებელი ხართ, ბულვარის გავლით პლიაჟზე მიდიხართ და ერთი სული გაქვთ როდის გაგრილდებით? გაგრილების პერსპეტივა დროში გეწელებათ, იმიტომ რომ ბულვარში თქვენ ხვდებით გადასარევ გერმანელ მუსიკოსებს, რომლებიც სპეციალურად თქვენთვის და თქვენნაირებისთვის ცეკვავენ,მღერიან, ენერგიით გავსებენ, მთელი ინსტრუმენტები ლოკოკინებივით ზურგით დააქვთ და ისე იქცევიან, თითქოს სიცხე არც აწუხებდეთ. გადასარევი ხალხია მოკლედ. თქვენ ჩერდებით, უსმენთ, გიტკბებათ, თვალებით ეძებთ დამსწრე საზოგადოებაში ვინმე ავტორიტეტულს და ეკითხებით სად იგეგმება კიდევ მსგავსი კონცერტი.

იმის მიხედვით რამდენად სწორად შეასჩიეთ ავტორიტეტული ინფორმატორი, თქვენ ინაცვლებთ შემდეგ კატეგორიაში.თუ თქვენ არასწორად შეარჩიეთ ინფორმატორი, მიდიხართ ბულვარში, სადაც უკრავს თბილისის ბიგ ბენდი თაკო გაჩილაძეებთან, ბორის ბედიებთან, მარიკო ებრალიძეეებთან და სხვა ეგეთ ხალხთან ერთად, (მაგ პროგრამას კავკასიის მეორე ჯაზ ფესტივალზე მოვუსმინე და მაშინაც ძლივს გადავიტანე, მეორედ გამოჩენა კი უკვე პრეცედენტის  შექმნა კი არა, აქ ამ სივრცეში თავიანთი ადგილის დაკანონებაა, რასაც მე მაგალითად სიხარულითივ ვერ ვხვდები) და თუ ბედმა გაგიღიმათ და კარგი ინფორმატორი შეგხვდათ, ხვდებით ნებისმიერ სხვა კონცერტზე. ბედის გაღიმება-არგაღიმება ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებების მიხედვით არის განაწილებული. სხვას შეიძლება ასეთი მძლავრი ანტისიმპატია სულაც არ ქონდეს.გიყვართ ჯაზ ფიუჟენი? გადასარევი, მაშინ გეტყვით რომ ფესტივალში მონაწილეობდა გენიალური ამერიკელი გიტარისტის, სტენ­ლი ჯორ­და­ნის ტრიო და ამა­ვე ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ბენ­დი Yellowjackets-ი, რომელთაც წელს დაარსებიდან 30 წლის იუბილე აქვთ. ისინი ერთსა და იმავე წვიმიან დღეს გამოდიოდნენ და უნდა ითქვას, რომ მუსიკის სიყვარულმა ბევრად აჯობა ბუნებრივ მოვლენებს.  პიაცაზე შეკრებილი მსმენელი თავსხმა წვიმაში ბედნიერი სახეებით უსმენდა.
”ყვითელ ჯაკეტიანების” შემდეგ კი წითელ პერანგში გამოწყობილი სტენლი ჯორდანი და წვიმა ერთად გამოვიდნენ ასპარეზზე და უნდა ითქვას, რომ თუ პროგრამას არ ჩახედავ და არ გაიხსენებ, რომ ეს ბიჭი ამერიკიდან ტრიოსთან ერთად არის ჩამოსული, მისი კომპოზიციების მოსმენისას, არც კი გაგახსენდება რომ სცენაზე მის გარდა კიდევ ვინმე უნდა ავიდეს.იმდენად სრულყოფილი და სავსეა ამ ადამიანის მუსიკა, რომელიც ერთნაირი ოსტატობით უკრავს როგორც გიტარაზე, ასევე კლავიშზე, გგონია, სხვა ინსტრუმენტებმა აქვე, შენ თვალწინ დაკარგეს ფუნქცია, მაგრამ ეფექტი ბუნებრივია მაშინვე იზრდება, როცა  ბასი და დრამი ერევა საქმეში.
ყველაფერი იდეალურად არის მანამ, სანამ, წუხდებით წუხდებით წვიმის გამო და გადაწყვეტთ, რომ წვიმა ძალიან გიშლით ხელს ამ გადასარევი ადამიანების მოსმენაში, მიდიხართ იქვე, საწვიმრის საყიდლად და ერთდროულად დგებით ორი სიურპრიზის წინ: საწვიმრების შეზღუდული რაოდენობა უკვე გაყიდულია და ის,რაც გაიყიდა, სულაც არ ჭირდა სიმბოლური 1 ან ორი ლარი. ასეთ დროს წესით ორგანიზატორებისგან მეტ სიკეთეს ელოდები კაცი გაწუწული ადამიანი.  მაგრამ მხოლოდ ელოდები.
თუ თქვენ კლასიკური ჯაზის მოყვარული ბრძანდებით, მაშინ გეტყვით, რომ ჩვენ გვყვავს გადასარევი ქართველი მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი, რომელიც წელს უკვე მეორედ სტუმრობდა ბათუმის ჯაზ ფესტივალს გაზრდილი შემადგენლობით. შარშანდელი ტრიო წელს სეპსტეტად  იქვა,  ბექას სოლოებიც უფრო ზრდასრული და ნაკლებად ამბიციური იყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ბიჭი სრულიად ამართლებს იმ მოლოდინს, რაც მასთან დაკავშირებით არსებობს.და ვინაიდან ქართველ მუსიკოსებზე ჩამოვარდა სიტყვა, იმასაც გეტყვით, რომ ბექას გარდა ფესტივალში მონაწილეობდა ლე­ვან ჩი­ჩუა და Space Jam, ილუ­შა ცინ­ცა­ძე მეუღლესთან ერთად და ბენდის გარეშე,  ბერკლის სტუდენტის ბა­ჩა მძი­ნა­რაშ­ვი­ლის ჯაზ­კ­ვინ­ტეტი და  T. Blues Mob-ი. ეს უკანასკნელი ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში მოღვაწეობს, ბათუმში კი მსმენელების წინაშე სრულიად ახალი რეპერტუარით, ანუ 12 ახალი სიმღერით წარსდგა.
თქვენ თანამედროვე ადამიანი ხართ, გიყვართ ექსპერიმენტები და სიამოვნებით უსმენთ ელექტრო მუსიკას? არაჩვეულებრივი. მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ბათუმში რამდენიმე დღის წინ ლიტ­ვური Brassbastardz, ამე­რი­კუ­ლი-ი და ლე­რა გე­ნე­რი­სა და ალექ­სეი პო­პო­ვის პრო­ექ­ტი უკრავდა.  Project Logic ფესტივალის ბოლო დღეებში კლუბ თეიქ ფაივშიც უკრავდა  და პიაცაზეც დაუკრა. მიუხედავად მისი უკიდურესად ხარისხიანი მუსიკისა, პიაცა შეუსაბამო ადგილი აღმოჩნდა, სავარაუდოდ, კლუბში უფრო სასიამოვნოდ ისმინებოდა.


რაც შეეხება ლერა გერნერს,  ლამის ფესტივალის აღმოჩენად ვაღიარე, იშვიათად მინახავს ასეთი ეფექტური ქალი ვოკალისტი, რომელსაც შეუძლია აიყოლიოს პუბლიკა, რომელსაც მისთვის მანამდე არასოდეს მოუსმენია, გაგაკვირვოს  გულწრფელი მადლობებით და კონცერტისას გზადაგზა ლექსები იკითხოს.  მაინცდამაინც სახლში მოსმენას და ინტერესის ისე დაკმაყოფილებას ნუ შეეცდებით, ინტერნეტში საკმაოდ უხარისხო ჩანაწერებია და ოფიციალური საიტიც დიდად ვერ აღგაფრთოვანებთ. თუ სიტყვაზე მენდობით, last.fm–ზე ნახეთ სად აქვს უახლოეს ადგილას კონცერტი და წადით, არ ინანებთ.თუ თქვენ ახირებული ადამიანი ხართ,  რაღაცა ჯერ არნახულის და არგაგონილის მოსმენა გინდათ და ფიქრი იმაზე, რა სხვადასხვანაირი გამოხატვის საშუალებები არსებობს, ლონდონიდან ჩამოსული გოსპელ გუნდი  ზუსტად სათქვენოა. ალბათ ძნელია წარმოსადგენია ქართველისთვის 20 კაციანი ქორო, რომელიც სასულიერო სიმღერებს ისე ასრულებს, ავტომატურად იწყებ ცეკვას და თვითგვემის ნატამალი არ შეგენიშნება. როცა ქართველი მსმენელი ამ ფაქტის წინაშე დადგა, სრულიად პიაცა გაბედნიერდა, გასხივოსნდა და ლონდონელ მუსიკოსებთან ერთად ამღერდა და აცეკვდა. ისე კი, უნდა ითქვას, რომ მათი გამოჩენისას გაკვირვება ჩვეული მოვლენაა, თავის დროზე, როცა ლონდონელი მუსიკოსები პირველ კონცერტებს მართავდნენ, ლამის ვატიკანმა განიხილა, შესაძლებელი იყო თუ არა, საგალობლების სცენაზე გატანა. აღმოჩნდა, რომ შესაძლოა.თქვენ გრანდიოზული შეგრძნებები და თავიდან ბოლომდე მუსიკაში გადაშვება გიყვართ, მაშინ ფესტივალის დახურვაზე საგანგებო სტუმარი, მეისი გრეი ზუსტად თქვენთვის იქნებოდა განკუთვნილი, რომლის ნამდვილად შესაყვარებლად და შესაცნობად სახლში ჩანაწერების მოსმენა საკმარისი არ არის, ეს ქალი ლაივში უნდა ნახო.

ალბათ სწორედ ამიტომ მეისი გრეის კონცერტისთვის იმდენი ბილეთი გაიყიდა, რომ, პიაცაზე სკამების აღება გახდა საჭირო, ყველა რომ დატეულიყო.
იმდენი ენერგია წამოვიდა მსმენელისგან, რომ დამთავრებული კონცერტი სამჯერ განახლდა და ისე თავგამოდებით ყვიროდა განურჩევლად ყველა მის სახელს, რამდენიმე წამის განმავლობაში ისიც კი ვიფიქრე, რაიმე მიტინგზე ხომ არ ვარ და ახალი პრეზიდენტი ხომ არ გვყვავს, მეისიდ წოდებული და ეს ხალხიც მათი მხარდამჭერები ხომ არ არიან თქო,მაგრამ ისევ მეისიმ გამომაფხიზლა, როდესაც დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, კულტურის მინისტრს, მათი სახელები უშეცდომოდ წარმოთქვა და იქვე სახელდახელოდ ნასწავლი რამდენიმე სხვა ქართული სიტყვაც მიაყოლა. პუბლიკით კმაყოფილება მარტო მეისის კი არა, მისი ბენდის წევრებსაც შეენიშნებოდათ. კონცერტის შემდეგ სცენაზევე დარჩნენ და აჟიტირებული ხალხის და პაიცას შთამბეჭდავი ინტერიერის ფონზე სათითაოდ იღებდნენ ფოტოებს.მერე, როცა უკვე ფესტივალი დამთავრდა და კონცერტიდან სახლში მისული ადამიანები სოციალურ ქსელებს სეესიენ, აღმოჩნდა რომ მეისიმ სულაც არ იცოდა, ბათუმი რა ქალაქი იყო, კონცერტის სემდეგ კი დადებითი ემოციები გამოხატავს, მშვენიერი ქალაქია, რას ვერჩოდი, რატომ არ ვიცოდიო. სავარაუდოდ, ფესტივალებზეც ბევრია ეგეთი,თავიდან რომ არ იცის, ფესტივალი რაა და მერე რომ ამბობს, მშვენიერი რამე ყოფილა, აქამდე რატომ არ დავდიოდიო.საერთოდაც, წლევანდელი ფესტივალი იმით იყო გამორჩეული და გადასარევი, რომ უფრო მასშტაბური, ხელმისაწვდომი და სახალხო იყო, მაგრამ არსებობს უცნაური ტენდენციააც, რაც უფრო სახალხო ხდება ფესტივალი, მით მეტია ფარჩა აბრეშუმიანთა ნეტარება. მათ იციან, სად გამომზეურდებიან. მაგრამ ეს სხვა თემაა, რაც შეეხება ბილეთების ხელმისაწვდომობას, ეს საქართველოს ბანკის სპეციალური შემოთავაზებების დამსახურება იყო, რომელიც უკვე მეორე წელია ჯაზ ფესტივალების მხარდამჭერია.ჯაზის მოყვარულებს ისტერნ პრომოუშენი უკვე შემოდგომაზე თბილისის ჯაზ ფესტივალზე გააბედნიერებს, ბათუმი კი სავარაუდოდ უკვე დაცლილია, რადგან დამსვენებლთა უმეტესობა სწორედ ფესტივალისთვის ჩასული სტუმრები იყვნენ. როგორც ამბობენ, ქართველები იმის გამო, რომ შავი ზღვისპირეთი ჯერ კიდევ შორსაა იდეალური საზღვაო კურორტისგან, დასვენებას საზღვრებს გარეთ არჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress