Black Sea Jazz Festival – ნაწილი 3

ფესტივალის მესამე დღე ერთადერთი გამონაკლისი იყო, რომლის პროგრამაშიც ქართველი შემსრულებლები არ იყვნენ.

საღამო სამგზის გრემის ნომინანტმა ბოსტონელმა გიტარისტმა, მაიკ სტერნმა გახსნა, სპეციალურად მოწვეულ სტუმრებთან, რენდი ბრეკერთან, დეივ უეკლთან და კრის მინ დოკთან ერთად.  მაიკის დასახასიათებლად ალბათ  საკმარისია მხოლოდ  ის ფაქტი, რომ ის ჯერ  კიდევ  კარიერის დასაწყისში მაილს დევისთან და ჯაკო პასტორიუსთან  ერთად უკრავდა.

საკმარისია იმ მუსიკოსების სახელებიც, რომლებიც მასთან ერთად უკრავდნენ ბათუმში.  მაგალითისთვის რენდი ბეკერი არის ადამიანი, რომელიც ჯაზ სტანდარტებს აწესებს, რომლის საყვირის  ხმა ერთხელ მოსმენის შემდეგ არასოდეს დაგავიწყდება და რომელიც 60-იანი წლებიდან მოყოლებული მხოლოდ გენიალურ შემსრულებლებთან უკრავს.

ქრის მან დოკის დანახვისას შეიძლება სულ დაგავიწყდეს რომ ვირტუოზი ბასისტი არა მხოლოდ ყველაზე სიმპატიური ადამიანია მინიმუმ ფესტივალის მონაწილეთა შორის,  მის ხელში ბასგიტარა განსაკუთრებულ ჟღერადობას იძენს, მისი დაკვრის სტილი კი ორიგინალურია და ამერიკული რითმებისა და სკანდინავიური ლირიკული ტრადიციების  უნიკალურ სინთეზს წარმოადგენს. ქრისს ერთნაირად გენიალურად შეუძლია წეროს საუნდტრეკები, გამოუშვას ელექტრონული მუსიკის გავლენით დაწერილი ჯაზმენის ალბომი და დაუკრას თუნდაც მაიკ სტერნთან ერთად ბათუმის კორტებზე.

დეივ უეკლის კი შეგიძლიათ, არც მეტი, არც ნაკლები, კონსულტაციებისთვის მიმართოთ.  ლეგენდარულმა დრამერმა კარგა ხნის წინ გადაწყვიტა ნეგატიური მოვლენებით  გატენილ  სამყაროში თავისი რესურსების გამოყენებით რამე მაინც შეეცვალა სიკეთისკენ და მაშინ, როდესაც ლოს ანჯელესშია, ანუ ტურნეში არ არის, კონსულტაციებს უწევს დაინტერესებულ სტუდენტებსა და მუსიკის მოყვარულებს, ლოკალური პრობლემებისგან თავის ასარიდებლად კი ვიდეო გაკვეთილებს მიმართავს. მოკლედ, თუ თქვენ ხართ მუსიკოსი ან მუსიკით დაინტერესული პირი, გჭირდებათ რაც შეიძლება კვალიფიციური კონსულტაცია და ჯერ კიდევ არ მიგიღიათ ის, შეგიძლიათ ეს პირდაპირ დეივისგან მიიღოთ (weckman1@earthlink.net).

თავად სტერნი კი, მე მგონი, ხშირად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში. არა მარტო იმისთვის, რომ ჩვენ ხშირად აღმოვჩნდეთ კარგ კონცერტებზე, იმისთვისაც, რომ ქართველმა მუსიკოსებმაც ისწავლონ, როგორ გაყიდონ კიდევ უფრო კარგად თავისი მუსიკა. როგორც მერე მითხრეს, საკუთარი CD-ები პირველად კონცერტის შემდეგ მაილს დევისს  გაუყიდია. მე არ ვიცი, რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემთვისაც და ალბათ სხვებისთვისაც აბსოლუტური  მოულოდნელობა იყო მსოფლიო დონის ვარსკვლავი მწვანილების გამყიდველი ჩემი უბნელი ბებოსავით რომ აფრიალებდა ხელში დისკებს და ხურდასაც პატიოსნად აბრუნებდა ავტოგრაფთან ერთად.

ასე, რომ, თუ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ წუწუნებთ იმაზე, რომ ოფიციალურ დისკებს აღარავინ აღარ ყიდულობს, შეწყვიტეთ წუწუნი, გამართეთ კონცერტი, კონცერტის ბოლოს გაიღიმეთ და მერწმუნეთ საკმაო რაოდენობის CD-ს აუცილებლად გაყიდით.

სტერნის შემდეგ როი ჰარგიუმ რა ქარცეცხლშიც გაგვხვია სრულიად ერი, ეგ უკვე მოგახსენეთ წინა წერილში. აქ უბრალოდ, კიდევ ერთ ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ.

დღე მეოთხე

მაშინ როდესაც საფესტივალო პროგრამას გადავხედე, ვიფიქრე, რომ ყველაზე დიდი სიამოვნებით მასაკელას მოვუსმენდი და ყველაზე მეტად ფესტივალის დახურვას დაველოდებოდი.

სანამ მე მასაკელას ველოდებოდი, სცენაზე ”ასტროჯორჯოა” იყო. ”ასტროჯორჯია”  ”ზუმბალენდისა”  და ”ჩვენებურების” ერთობლივი, ახალი პროექტია, 2009 წელს შეიქმნა და 11 მუსიკოსისგან შედგება. ინსტრუმენტები, რასაკვირველია ბევრია და მრავალფეროვანი, მუსიკა – ეთნო, ჯაზთან, ბლუზთან, რეგეისთან, ფანკთან და სხვა მრავალ მიმართულებასთან  შერწყმული. ეს ოფოციალური ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით, ჩემი არაოფიციალური შეფასებით კი პროექტი რეალურად ახალს არაფერს მოიცავს, ეს ზუსტად ის მუსიკაა, რასაც ზუმბა წლების განმავლობაში აკეთებდა და რაც უკვე კარგა ხნის წინ შეიყვარა ამ ჟანრის მსმენელმა. ამ ჟანრის მოყვარულები კორტებზეც მრავლად იყო და შემსრულებლების მაგივრად მე მეუხერხულებოდა, სცენიდან ახალი რომ არაფერი ისმოდა. სუბიექტური ემოციაა.

ფესტივალი ძალიან სიმბოლურად დასრულდა სამხრეთ აფრიკელი ვირტუზის, მასაკელას გამოსვლით. მთელი მისი მუსიკა იმ ადამიანების გამოცდილებას და სიყვარულს ეფუძნება, რომლებიც შორეულ სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობენ და რომლებმაც ალბათ ჩვენზე კარგად იციან, რას ქვია თავისუფლება და ბედნიერება, ტკივილი და დაღლა, გაჭირვება და უბედურება და რომლებიც ჩვენთვის შორეულ ცხელ აფრიკაში არსებულ რეალობას საღამოობით ერთმანეთს სიმღერით უყვვებიან კოცონის პირას.

მასაკელაც ასე გვიყვება თავისი მუსიკით უკვე წლების განმავლობაში, როგორ გაიცნო თავისი ცოლი, როგორ უჭირთ ადამიანებს აფრიკაში,  რა არასწორი იყო ნელსონ მანდელას წინააღმდეგ გამართული კამპანია, როგორ ხდებოდა ამერიკანიზაცია და კიდევ სხვა ათას ამბავს. სწორედ მანდელას თანაგრძნობის გამო წლების განმავლობაში ვეღარ ჩადიოდა სამშობლოში და იქ მხოლოდ 90იანების ბოლოს მოახერხა დაბრუნება.

მანამდე კი, სანამ მანდელა და 90-იანები იქნებოდა, პატარა ჰიუ ფორტეპიანოზე  უკრავდა და ჯერ კიდევ არაფერი იცოდა  ფილმზე, სადაც პირველად დაინახა საყვირი. მას შემდეგ კლავიში დაივიწყა, მეზობლისგან ნაჩუქარი საყვირი აიღო და ჯერ ლონდონში, მერე კი ნიუ-იორკში ხვეწავდა თავის ოსტატობას.

ადამიანი, რომელიც დღეს უკვე მოსიარულე ლეგენდაა, ერთხელ უკვე იყო საქართველოში, 1996 წელს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში. არ ვიცი, რას ყვებოდა მაშინ მასაკელა სცენიდან, მაგრამ ვიცი, რომ ამ ჯერზე ის საქართველოსა და აფრიკას შორის კავშირზე და აფრიკელ ბავშვებზე ლაპარაკობდა და ვერაფრით ვერ იგებდა, რატომ არ რთავდნენ კამერებს სცენასთან ახლოს მდგომი ადამიანები, როცა მარტო მან მინიმუმ 10-ჯერ მიმართა თხოვნით.

მართლა ძნელი გასაგებია.

საბოლოოდ კი, დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთი ჯაზ ფესტივალი დამთავრდა. რომ  ფესტივალის პროგრამა კარგად იყო შედგენილი და მადლობა ორგანიზატორებს იმისთვის, რომ ჯაზ კონცერტები საქართველოში პერმანენტულად იმართება, შემთხვევითი შემსრულებლები არ ჩამოყავთ და  რომ ოქტომბრის ბოლოსთვის უკვე თბილისში სხვა, მაგრამ ისევ ჯაზ ამბები დაიწყება.

რაც უკვე ცნობილია, 27 ოქტომბერს – McCoy Tyner Quartet-ი გამართავს კონცერტს, 28-ში – დაიანა როსი, 30-ში კი არც მეტი, არც ნაკლები – The Blues Brothers Band.

იხილეთ ფესტივალის ვიდეო ჩანაწერები

1 კომენტარი

  1. მართლაც არაჩვეულებრივი იყო მასაკელას გამოსვლა!

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress