Black Sea Jazz Festival – ნაწილი 2

ბათუმის მეოთხე ჯაზ ფესტივალის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი წინა ფესტივალებისგან მასში ქართველი შემსრულებლების მონაწილეობა იყო.

შესაბამისად, მეორე დღე გიორგი მიქაძის ტრიომ გახსნა. ტრიოს დრამერი ლაშა სხილაძე და ბასისტი ლევან დეისაძე შეადგენენ. ჩემი ფავოროტი სწორედ დრამერის შესრულებული სოლოები იყო. საკონცერტო პროგრამა მრავალფეროვანი იყო და ჯაზ სტანდარტებისგან, გიორგის კომპოზიციისგან, რომელიც მან რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი სპექტაკლისთვის დაწერა და ნოდარ გაბუნიას ერთ-ერთი კომპოზიციის ახლებური, გიორგისეული ვერსიისგან შედგებოდა.

მათთვის, ვინც არ იცის გიორგის შესახებ საინტერესო დეტალები:

გიორგის არასოდეს უსწავლია საქართველოში ჯაზი. მისი მუსიკალური განათლება კლასიკურ მუსიკას მოიცავს.

უჭირს მოიფიქროს რა დარჩება მის ცხოვრებაში, თუ იქიდან მუსიკას მთლიანად გამოვრიცხავთ. სამაგიეროდ იცის, რომ მისი ძალიან სერიოზული გატაცება ავიაციაა და როდესღაც ბოინგიც კი ყავს ნატარები.

იმ შემთხვევაში, მუსიკოსი რომ არ იყოს, არქიტექტორი იქნებოდა. მცდელობები უკვე ჰქონდა და სახლში თავისი გაკეთებული რამდენიმე მაკეტიც აქვს, რომელიც პროფესიონალი არქიტექტორების შეფასების მიხედვით საკმაოდ კარგად არის შესრულებული.

ბათუმის ფესტივალი მისთვის მეორე საქართველოში გამართული ფესტივალია, რომელშიც მონაწილებდა. პირველი გაზაფხულზე გამართული კავკასიის ჯაზ ფესტივალი იყო.

გიორგის თავს არაჩვეულებრივი სიახლეა. 21 აგვისტოს ბერკლის უნივერსტეტში მიდის 4 წლით სასწავლებლად. ბერკლი კი ის უნივერსტეტია, რომელშიც დაახლოებით 4 000 სტუდენტი სწავლობს 238 ძირითად და 291 დამხმარე სპეციალობას. მათი დიდი ნაწილი უცხოელია. სწორედ ბერკლის უნივერსტეტში სწავლობს წინა საღამოს მონაწილე გენიალური ბექა გოჩიაშვილი, რომელიც გიორგის შეფასებით უკვე ვარსკვლავია. აქვე სწავლობდა  როი ჰარგროუ და კიდევ არაერთი გენიალური მუსიკოსი. შესაბამისად გიორგის ძალიან, ძალიან გაუმართლა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მას არც მეტი, არც ნაკლები, დაიანა ქროლის, ჯო ზავინულისა და კიტ ჯარეტის პედაგოგი, რეი სანტისი ასწავლის.

კონცერტის შემდეგ ბედნიერი და კმაყოფილი იყო, კონცერტს ნორმალურად აფასებდა და განსაკუთრებით ის უხაროდა, რომ მას და როი ჰარგროუს ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე სცენაზე მოუწიათ დაკვრა.

აფსოლუტურად სამართლიანადაც.

ჰარგროუ მსმენელის წინაშე ორ საღამოს ორი სხვადასხვა პროექტით წარსდგა და არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ფესტივალის მონაწილეთა შორის მისი გამოსვლა ყველაზე ემოციური, ყველაზე დამამახსოვრებელი და ყველაზე იმპროვიზაციული იყო.

16 ივლისს ამერიკელი ჯაზ ლეგენდა კვინტეტთან ერთად წარსდგა, რომლის შემადგენლობაშიც ჯასტინ რობინსონი (ალტოსაქსოფონი), ჯონათან ბატისტი (ფორტეპიანო), ამინ სალიმი (კონტრაბასი), მონტეზ ქოულმანი (დასარტყამი) და თავად ჰარგროუ არიან.

როი უნიკალური ადამიანია, რომელსაც აბსოლუტურად გამორიცხული აქვს უკრავდეს ვინმესთან ერთად და მისი არ ესმოდეს. როცა ის ახალ ადამიანებთან ახალი პროექტის კეთებას იწყებს, აუცილებლად მიემგზავრება ტურნეში, რომლის მთავარი მიზანიც ერთმანეთის უკეთ გაცნობაა. ეს დამოკიდებულება იმდენად თვალშისაცემია როცა ჰარგროუ სცენაზე დგას, რომ გგონია, კონცერტის ბოლომდე შენც მათი მეგობარი, მათი წევრი გახდები.

მნიშვნელობა არ აქვს რას უკრავს როი, მისი ბგერა ყოველთვის ზუსტია. აუცილებლად გგონია, რომ ზუსტად ახლა, ზუსტად ამ წუთას, როცა ის სცენაზე და შენ სცენასთან ახლოს დგახართ, ის მხიარულ, გამოსაცნობ თამაშს გეთამაშება და შენ უნდა გამოიცნო, როდის ჩამოვა მაყურებლებთან, როდის მოგიყვება რამე ამბავს, რამდენჯერ გამოვა ბისზე და დარჩება თუ არა კონცერტის ბოლომდე ასეთი გულწრფელი და შინაური.

ფესტივალზე მყოფებს გვქონდა ბედნიერება არა მარტო კონცერტის ბოლომდე, ორი დღის განმავლობაში გულწრფელი და გენიალური ჰარგროუს თამაშები გვეთამაშა.

17 -ში, ასევე ლეგენდარული მაიკ სტერნის კონცერტის შემდეგ, როი მეორედ ავიდა სცენაზე. ამჯერად არა კვინტეტთან, არამედ სხვა პროექტ, RH Factor-თან ერთად.

ამ პროექტის წარმატების მთავარი საიდუმლო ჩემი სუბიექტური აზრის თანახმად რენეა, რომელიც უბრალოდ არაჩვეულებრივია, არასუბიექტურად კი არაჩვეულებრივ მუსიკოსთა ერთობლიობა.

დღე მეორე და დღე მესამე ბათუმის კორტებზე სამი ბისით დამთავრდა.

იხილეთ ფესტივალის ვიდეო ჩანაწერები

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress