ჯაზი ელიტარულია, სნობებს იზიდავს და აერთიანებს, ხალხი პოზის გამო უსმენს და ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიანო, ამბობენ ხოლმე.
შესაბამისად ეს ფრაზები ალბათ მარტო მე არა, თქვენც არაერთხელ გსმენიათ.
ბათუმის ჯაზ ფესტივალმა კი ეს ფრაზები ოდნავ შეცვალა.
ჯაზი ელიტარული არ არის, მას ყველა უსმენს, ვინც 15 დან 19-მდე ბათუმში, ტენისის კორტებზე მოხვდა. იქ პუბლიკა მეტად ჭრელი და საინტერესო იყო. ჭრელ პუბლიკაში ბუნებრივია ისეთებიც მრავლად მოიპოვებოდნენ, ვისთვისაც სასმელის ბოთლების და კოქტეილის ჭიქების პირდაპირ სცენაზე დაწყობა ჩვეულებრივი ჩვევაა და ისინი არასოდეს იფიქრებენ, რომ თუნდაც კორტებზე, ცივილურმა ადამიანმა აუცილებლად უნდა მოძებნოს ურნა, რომელსაც სხვა არანაირი დანიშნულება არ აქვს, თუ არა ნაგვის ათვისება.
იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მუსიკას ხედავდნენ, ისმენდნენ, იწოვდნენ და ირგვლივ მოსეირნე საზოგადოების კაბების ფრიალი სულ არ ანაღვლებდათ. კაბების მოფრიალეები კი მშვენიერი კასტაა, ახარებს გულსა კაცისასა და ნაგავს ძირითადად ურნაში ყრის. სიამოვნებით ცეკვავს და როგორც წესი, ბედნიერად გამოიყურება.
ჯაზი არამხოლოდ სნობებს იზიდავს. საერთოდაც, ჩვენ ყველა რაღაც დოზით მაინც სნობები ვართ და ჩვენი მიზიდულობები გვაქვს. ვინ სნობს ჯაზი იზიდავს და ვინ სნობს ალმადოვარის ფილმები ან შანელის მოდის სახლის კაბები. ან ყველაფერი ერთად. შედეგი ერთია: ჩვენ რაღაც დოზით ყველა სნობები ვართ. ალბათ იმიტომ ვლაპარაკობთ ამდენს სნობიზმზე.
ჯაზს პოზის გამო არ უსმენენ, პოზის გამო დადიან ჯაზ კონცერტებზე. თან ახლა ზაფხულია, თბილისში ცხელა, არაფერი არ ხდება და რატომაც არა, ბათუმი მშვენიერი ადგილია. მით უმეტეს ფესტივალის დროს. შენი ნაცნობ-მეგობრების უმეტესობა აქაა, მუსიკა სასიამოვნოა და ჯაზ კონცერტები საქართველოში ყოველთვის ორგანიზებულია, ყოველთვის კარგად შერჩეული და ყოველთვის ლეგენდარული შემსრულებლები ჩამოყავთ. რატომაც არ უნდა წახვიდე.
ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები რომ არ არიან, ეგ უკვე ბავშვმაც კი იცის. მე კი ჩემის მხრივ გეტყვით, რომ ბათუმის ჯაზ ფესტივალზე თითქმის თანაბარი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილები ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, რასაც მე პირადად მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.
ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ შენ ქვეყანაშიც არიან მაღალი დონის შემსრულებლები. მით უმეტეს მაშინ, როცა ფესტივალის მონაწილე ქართველები ჯერ ძალიან ახალგაზრდები და იმედისმომცემად ზრდადები არიან. გადასარევია.
მოკლედ ასე, ფესტივალი, რომელიც უკვე დასრულებულია 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და აერთიანდებდა ბექა გოჩიაშვილის ტრიოს, ბრენდ ნიუ ჰევისს, გიორგი მიქაძის ტრიოს, როი ჰარგროუს კვინტეტს, როი ჰარგროუს მეორე პროექტს – RH Factor-ს, მაიკლ სტერნის ბენდს, ზუმბასა და “ჩვენებურების” ახალ პროექტს “ასტროჯორჯიას” და ჰიუ მასაკელას ბენდით. შესაბამისად, ფიუჟენ, ეისიდ, ეთნო და კლასიკურ ჯაზს.
დღე პირველი
ფესტივალი ყველაზე პატარა მონაწილემ, ბექა გოჩიაშვილმა გახსნა. კონცერტის დაწყებამდე ბექა ამბობდა, რომ თავისუფალ და “ჯაზურ” განწყობაზე იყო, მრავალფეროვან პროგრამას შემოგვთავაზებდა და პროგრამა არ იქნებოდა მხოლოდ მისი კომპოზიციებისგან შემდგარი. მოხარული იყო, რომ საქართველოში გამართულ ფესტივალში მონაწილეობის პირველი პრეცედენტი იმ საღამოს შეიქმნებოდა.
პროგრამა მართლაც მრავალფეროვანი იყო, ბექა გენიალური. მართალია, როცა ამბობს, რომ ბენდის წევრებთან ასაკობრივი სხვაობა და ნაკლები გამოცდილება დისკომფორტს არ უქმნის. ბასისტი ბენ უილიამსი და დრამერი რიჩი ბარშაი ბექასთან ერთად იდეალურ კოლექტივია.
ბექა ჯერ 14 წლისაა, ჯულიარდის ხელოვნების აკადემიაში სწავლობს და საკუთარი ტრიო ყავს. საქართველოში სექტემბრამდე რჩება, კიტ ჯარეტთან ერთად დაკვრაზე ოცნებობს და როგორც მეორე დღეს გიორგი მიქაძემ თქვა, პრინციპში უკვე ვარსკვლავია.
მაგრამ ფესტივალის გახსნას მხოლოდ ვარსკვლავები და გენიალური მუსიკა არ ყოფნის. მას ზუსტად ის ჭირდებოდა, რასაც BRAND NEW HEAVIES ქვია. ფესტივალის მონაწილეთა შორის ყველაზე ჭრელი, ყველაზე ენერგიული ეისიდ ბენდი ზუსტად ზედგამოჭრილი აღმოჩნდა.
როდესაც სამსახურში მენეჯერმა მკითხა, მასაკელას უფრო მეტად რატომ ელოდები, როცა მონაწილეებს შორის ბრიტანული ეისიდ ჯაზის მამები (და დედაც პრინციპში) არიანო, ძალიან დამეზარა იმის მოყოლა, რომ ჩემთვის ცეკვა სიამოვნება არ არის და როცა გარშემომყოფების უმეტესობა ბედნიერებისგან ხტუნავს და ყვირის, მე თავს არარეალიზებულად ვგრძნობ და არარეალიზებულობის ნიადაგზე ავი ფიქრები მომდის თავში. ამიტომ მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ისინი 80-იანი წლების შემდეგ დიდად არ შეცვლილან და უბრალოდ, ბედმა გაუღიმათ, რომ ჯაზს უკრავენ.

ჯაზი თავისთავად ემოციები, იმპროვიზაცია და მრავალფეროვნებაა და ამიტომ უსმენენ ადამიანები ბედნიერად 80-იანებიდან დღემდეთქო. მე კიდევ ბედნიერი ადამიანი კი არა, პრეტენზიული ბუზღუნა ვარ და მასაკელა უფრო მიყვარს. თან ადრე მაგათთან ჯეი ქეი რომ იყო მისული, ბენდში აყვანაზე უარი უთხრეს და ეგრე მარტივად შეიქმნა Jamiroquai.
მერე მივხვდი, რომ ავი ფიქრები ვადაზე ადრე შემომესიენ და ადამიანებს სრული უფლება აქვთ იყვნენ ბედნიერები, იცეკვონ იმდენი, რამდენიც უნდათ და უყვარდეთ ის, რაც უნდათ. უბრალოდ, 15-ში საღამოს, კიდევ ერთხელ შემიპყრო ავმა ფიქრებმა, რომ სცენასთან არსებული პუბლიკისთვის აბსოლუტურად სულ ერთი იყო, ვინ უკრავდა და როდის გამოუშვეს მათ ბოლო ალბომი, მთავარი იყო, ჯაზ ფესტივალის პირველი დღე სასიამოვნო აღმოჩნდა.
სასიამოვნო დღის ლოგიკური დასასრული ბევრი ინტერვიუ, უფრო მეტი ფოტო, სცენაზე შემოწყობილი ცარიელი ბოთლები და კოქტეილის ჭიქები და ბედნიერი ადამიანები იყო.




meore, mesame da meotxe dgeebic zalian mainteresebs ^_^
ეგენიც მალე იქნება
მოცეკვავე კასტის სახელით მინდა ვთქვა რომ სულერთი არ იყო ვინ უკრავდა და რომ BRAND NEW HEAVIES სასწაულად გაგვისწორა
)
პ.ს.hugh’ს “მრ. პრეზიდენტ”
))))
მშვენიერი ტექსტია, განსაკუთრებით მომეწონა იდეა სნობიზმზე – მეც ყოველთვის ვამბობ, რომ ყველანი სნობები ვართ, სხვადასხვა დოზით და ფორმით, უბრალოდ
სნობიზმი , სნობიზმი და კიდე სნობიზმი… ბლოგი , ტვ, გაზეთი, ფეისბუქი და ათასი ჯანდაბა ამ სიტყვითაა გამოჭედილი… დავიღალე :დ
მეც მაქვს ჩენი ნააზრევები ამ თემის შესახებ, მარა ჯაზს ვერ შეედრება.. :დ
როი ჰარგროუ მაინტერესებდა ყველაზე მეტად..
ეჰ..
როდისღა მომეცემა მაგის შანსი..