Artist: Bombay Bicycle Club
Album: Flaws
Release Date: July 12, 2010
Label: Island Records
შეფასება: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
ინდური ფასტ-ფუდი არ გამისინჯავს და დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რამდენი თანამგზავრი ჰყავს ურანს, არც დაკრძალვაზე შემითვალიერებია ვინმე ბასისტი საკუთარი ბენდისთვის არასდროს და სკოლა რო დავამთავრე, ატესტატი წვიმამ დამისველა, მახსოვს.
ამ ოთხი დიდი ნაკლის მიუხედავად, მე ვიცი, რა არის BBC. და ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ეს ის არაა, რაც თქვენ იფიქრეთ. BBC ყველასთვის ცნობილი იმ დიდი ბობოლა სამაუწყებლო კომპანიის გარდა, სწორედ ინდური ფასტ-ფუდის სახელწოდებაა (Bombay Bicycle Club) და სამწუხაროდ, არაფერი აქვს საერთო ველოსიპედთან.
BBC კიდევ ამ ფასტ-ფუდით (და სამწუხაროდ, არა ველოსიპედით) შთაგონებული ლონდონური და, რა თქმა უნდა, ინდი ბენდია. 4 წევრისგან შედგება, რომელთაგან სამი 2008 წლის ბოლომდე, ანუ სკოლის დამთავრებამდე, ერთ კლასში სწავლობდა და მეოთხე - ბასისტია. ეს ახალგაზრდა კოლექტივი თურმე იშვიათად რეპეტიციობს. ფუქსავატობს, ალბომს თითქმის მთლიანად ვოკალისტს – Jack Steadman-ს აწერინებს და მიუხედავად ამისა, ან შეიძლება ამის გამოც, 2009 წლიდან მოყოლებული, ყოველი ივლისის დასაწყისში ერთმანეთისგან მეტად განსხვავებულ და მსუყე ალბომებს უშვებს.
არც ისე იოლი წარმოსადგენია ამხელა ტრანსფორმაცია ხმაურიანი და ენერგიული, ერთი შეხედვით თითქოს-და ეფექტების დახვეწაზე ორიენტირებული, ინდი ბენდიდან მთლიანად აკუსტიკურ ალბომამდე. თანაც, ეს ყველაფერი წელიწადზე ნაკლებ დროში. კაცმა რო თქვას, საერთოდ რატო უნდა წარმოვიდგინოთ. ავიღოთ BBC-ის ალბომი სახელად Flaws და მოვუსმინოთ.
პირველი სიმღერის ჩართვისთანავე ცხადი ხდება, რომ ესენიც, ბევრი თანატოლის მსგავსად, მშობლების ვინილების სმენისას ძველ ფოლკს გადაწყდომიან თაროებზე და თავს დამტყდარი შთაგონება უარით არ გაუსტუმრებიათ. მე თუ მკითხავთ, კარგადაც მოიქცნენ. ბანჯოთი გაჯერებული, ცოტა გულგატეხილად მელოდიური განწყობა, მომენტებში ხელოვნურად გამხიარულების მიუხედავად, მთელ ალბომს გასდევს და მაინც არ აკარგვინებს პოზიტიურობას. თუმცა არაფერია ამაში ჯადოსნური – მთელი საიდუმლო ისევ და ისევ ბანჯოში და ვოკალისტის ენითაღუწერლად ტკბილ ხმაშია, რომელსაც ხან ნიკ დრეიკისას ადარებენ, ხან დემიენ რაისისას. ეს რომ გავიგე, ის-ის იყო გავბრაზდი და გავიფიქრე “ეს შედარებები მომიღებს ბოლოს”-მეთქი და ალბომის მეექვსე ტრეკი Fairytale Lullaby-ც დაიწყო. მაშინვე Devendra Banhart მომაგონა და მივხვდი, რო თურმე შედარებები სულაც არ მომიღებენ ბოლოს.
თვითონ Fairytale Lullaby კი John Martyn-ის 60-იანი წლების ცნობილი იავნანის “გადამღერებაა”. ამის გარდა ალბომში შესულია Joanna Newsom-ის Swansea-ს ქავერი. მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ ყველაზე კარგად BBC -ის საკუთარი სიმღერების ინტერპრეტირება ეხერხება. მაგალითად, ”Dust On The Ground” ჯგუფის ორივე ალბომში ჟღერს და მხოლოდ ამ სიმღერის ასეთი განსხვავებული ვარიანტების შემოთავაზებისთვის ერთი დიდი ინდური მაკ-მენიუ მათ ჩემი სუფრიდან! თუკი პირველ ალბომში ეს ტრეკი მთლიანად ელექტრო გიტარისა და რიტმების მიმზიდველი მონაცვლეობის ირგვლივ ტრიალებს და ისე გეხვევა თავს, მეორე ალბომისეული ვერსია ძალიან პირადულ-ინტიმურია და ამით იგებს ზაფხულის სიცხისგან ისედაც დათუთქულ გულს.
მოკლედ, მოუსმინეთ თქვენც Flaws-ს და დაკრძალვებზე ბასისტის საძებნელად სიარულის თუ არა, ინდური ფასტ-ფუდის გასინჯვის სურვილს მაინც გაგიჩენენ. ველოსიპედს ხო უთუოდ და ჩემი თქმის გარეშეც მოგანატრებენ
- http://www.bombaybicycleclubmusic.com/
- http://www.myspace.com/bombaybicycleclub
- http://www.last.fm/music/Bombay+Bicycle+Club




<3 <3 <3 <3 რეცენზიას.
და ეს სიმღერა მომეწონა ძალიან. ჰოდა, ვიშოვი ალბომებს
ინდურ ფასტ-ფუდსაც აუცილებლად გავსინჯავ.
ველოსიპედი მონატრებული მყავს უკვე
ხო BBC მარტო როგორც British Broadcast Corporation ვიცოდი
Dust On The Ground მომეწონა და ალბათ ამათ ალბომსაც გადმოვიწერ (: მადლობა, ახალი ჯგუფი რომ გამაცანი
buda <3<3<3
temo
arafris. piriqit, me is mixaria, muzame rom gacnobt jgufebs