Adam Green – MusiK For a Play

Artist: Adam Green
Album:  Musik For A Play
Release Date: 11 May 2010
Label:  Contraphonic

შეფასება:  1 2 3 4 5 6 7 8 9 10

დედამიწაზე მრავალი ჯიშის ძაღლი რომ არსებობს, მეტად ცნობილი ფაქტია. ყველას თავისი ხუშტური და ხასიათი რომ აქვს, ესეც ყველამ  იცის. ასე მაგალითად, არსებობენ ავი ძაღლები, რომლებიც  იკბინებიან; ავები, რომლებიც არ იკბინებიან, მაგრამ სამაგიეროდ   გულისგამაწვრილებად ყეფა ეხერხებათ; არიან კატის მოძულე ძაღლებიც, რომლებიც თაგვებთანაც კი ქმნიან კოალიციას კატის გასანადგურებლად; არსებობენ ისეთებიც, ოღონდ აძინე და მეტი არაფერი უნდა ამ ცხოვრებისგან. კიდევ ისეთებიც არიან, თავიანთი პატრონი რომ ძალიან უყვართ და პატრონის გასაჭირსაც რომ ძაღლურ სატკივართან აიგივებენ.  აი ასეთი ძაღლებისთვის არსებობენ პოლ ოსტერისნაირი მწერლები, რომლებიც მხატვრულ ნათელს ჰფენენ დაუძლურებული პატრონის ხელში მცხოვრები ძაღლის დუხჭირ ყოფას.

ძაღლების და მწერლების გარდა, სამყაროში კიდევ თეატრის  რეჟისორებიც ცხოვრობენ, რომლებიც დღედაღამ სპექტაკლების დადგმით არიან დაკავებული, სულ აქეთ-იქით დარბიან, სცენისთვის დეკორაციებს და განათებასაც თვითონ არჩევენ,  სულ ხელებს იქნევენ, რაღაცას ყვირიან  და თავის მოსაფხანი დრო აღარ რჩებათ. ასე მგონია, რო ყველაფერი კარგად იციან ასეთმა ტიპებმა. ასეთი ტიპები პოლ ოსტერის  მოთხრობას გერმანიის ქალაქ ტუბინგენის რომელიღაც თეატრის სცენაზე დგამენ და სპექტაკლისთვის კომპოზიტორს ეძებენ.

აი ამ დროს სცენაზე ადამ გრინი გამოდის. ცანცარა 28 წლის ნიუ-ორკელი ბიჭუნა, The Moldy Peaches-ის ბარიტონი და, სხვათა შორის, წარმატებული სოლო კარიერისტიც.  ჯესიკა სიმპსონის “უგემოვნო მუსიკაზე” რომ მღეროდა მანამდე, სწორედ ის ადამი.  და წერს სპექტაკლისთვის მუსიკას; ცხოვრებაში პირველად. 2010 წლის 11 მაისს ალბომადაც უშვებს (თანაც, რატომღაც მხოლოდ ვინილის ფორმატით), რომელსაც სავარაუდოდ ირონიულად – ზემოთდაპოსტილი ყდით აფორმებს. ნაკლებად მიმზიდველი გარეკანია, დამეთანხმებით. მარტო ადამ გრინის მსმენელს რომ გადმოაწერინებს ალბომს, ისეთი. მეც ამ მიზეზით გადმოვწერე. თანაც, მაინტერესებდა ექსპერიმენტი როგორ გამოუვიდა. 20 წუთის მერე მარტივ დასკვნას ვაკეთებ – ნიჭიერია ეს ბიჭი.

პიანინო, აკუსტიკური გიტარა, სიმებიანი,   ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტები  – ეს ყველაფერი აუჟღერებია ამ ერთ პატარა 20 წუთიან ალბომში. მხოლოდ თვითონ არ იღებს ხმას. თუმცა, ალბომის სტილისტიკიდან გამომდინარე, ეს ბუნებრივიცაა. დისკის საერთო მუხტი ძალიანაც მსუქბუქია – მე თუ მკითხავთ, სულაც არ დაგაფიქრებს “ძაღლის ბედის” არმქონე ძაღლის სევდიან ისტორიაზე. პირიქით, ალბომი ისეთია, გაბრაზებულ გულზეც რომ სიამტკბილობით მოუსმენ კაცი.  თითოეული  ორწუთიანი ტრეკიც კი  ასწრებს საკმაოდ პოზიტიური განწყობის შექმნას და მინდორში განავარდებას განდომებს.

ჰო, კიდევ – იმ ქვეყანაში რომ ვიყოთ, სადაც ამ სპექტაკლის ნახვის შანსიც გვექნებოდა, გეტყოდით – ისეთი ალბომია, თეატრში დაუფიქრებლად წაგიყვანთ-მეთქი. მაგრამ ახლა ეს რომ ვთქვა, არ ვიქნები მართალი – გერმანიაში ნამდვილად არავინ გადაფრინდება ადამის გამო.

3 კომენტარი

  1. gamexarda dilas axali recensia ro damxvda.
    mere gamexarda, ro aseti kargi recensia damxvda.
    xooda, vinaidan germaniashi ver gadavfrindebi, sakurati saxlidan da tbilisi veli ubnidan movusmen adams :)

  2. Jonas Svensson ამბობს:

    მიყვარს არასტანდარტული, არაფიტჩ4ქისეული რეცენზიები, მაგრამ ზოგჯერ სტანდარტულობაშიც ბევრი ჰყრია ჰოლმე. ;) წარმატებები საიტს და რეცენზორებს, ორივე კარგი შენაძენია ჩემთვის :) ) hejdå

  3. dito ამბობს:

    am ymawvilma namdvilad daamtkiva ro moldy peaches-is iqit dzaan nichieri axalgazrda imaleba :D erti albomi maqvs mosmenili da dzalian kargia

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress