დაპირებისამებრ, ჯონ მაკლაფლინის კონცერტის ამბები:
არ ვიცი ნიშნავდა თუ არა რამეს თვითონ მუსიკოსისთვის 6 წლის შემდეგ იმავე ქვეყანაში, იმავე შენობაში კონცერტის გამართვა, სადაც ჯერ კიდევ ახსოვთ მაშინდელი შთაბეჭდილებები, მაგრამ ვიცი, რომ დარბაზში იყვნენ ის ხალხი, ვისთვისაც მისი კიდევ ერთხელ მოსმენა ნამდვილი დღესასწაული იყო. საერთოდ, ასეთი ოსტატობის, გამოცდილებისა და რანგის მუსიკოსის მოსმენა ყოველთვის ბედნიერებაა.
განსაკუთრებით მაშინ, თუ სპეციალურად შენთვის ვინმე ლეგენდარულ ბრიტანელ გიტარისტს ორიოდე ქართული სიტყვა აქვს ნასწავლი და შენ საკუთარ ენაზე გიხდის მადლობას. მერე რა რომ ის ორიოდე ქართული სიტყვა
მეორე დღესვე დაავიწყდება, სამაგიეროდ შენ გემახსოვრება სულ რომ მოუსმინე ადამიანს, რომელიც მაილს დევისთან ერთად უკრავდა, რომელმაც იცის, როგორ შეაზავოს ერთმანეთთან აღმოსავლური და დასავლური ჟღერადობა, რომელმაც იცის, როგორ შექმნას ისეთი მუსიკა, რომელითაც იმდენად გაივსება გარემო, გეგონება, ჰაერის მაგივრად მუსიკას სუნთქავ.
მასზე ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აქვს ჰიპნოზის უნიკალური უნარი და რომ ეზოთერული მუსიკის შექმნა ინდური კულტურასთან ზიარების შემდეგ დაიწყო. მე ვამბობ, რომ მან იცის, ჯაზს როგორ უხდება შავკანიანი შემსრულებლები და ძნელია არ დამეთანხმო, თუ იცი, რას ნიშნავს დრამერ მარკ მონდეზირის და ბასისტ ეტიენ მბაპეს მოსმენა.
ჯონმა ჯგუფ ,, The 4th Dimension”-მდე, რომელთან ერთადაც იყო ამჯერად თბილისში ჩამოსული, არაერთ ჯგუფთან ითანამშრომლა. კონცერტზე მისი ყველა დროის ნამუშევრები შესრულდა. იყო ასევე კომპოზიციები მისი და ჯგუფის ერთობლივი ბოლო ალბომიდან To the One.
ჯაზის სეზონის ფარგლებში კიდევ ერთი საღამო 14 მაისს გაიმართება. ამჯერად ,,თბილისი ივენთ ჰოლი” ერიკ ტრუფაზის მოყვარულებს უმასპინძლებს.
მანამდე კი შაბათს კონსერვატორიაში კავკასიური ჯაზ ფესტივალი აიღებს სტარტს, რომელზეც ბუნებრივია, მთლად ბაბუა ჯონის რანგის მუსიკოსებს ვერ იხილავთ, მაგრამ ეჭვი მაქვს, ჯაზის მოყვარულებისთვის მაინც საინტერესო იქნება.




ჩემი ძმაკაცი იყო აპრილში მაკლაფლინის კონცერტზე გერმანიაში და მეორედ მოსვლა იყოო, ეგრევე თქვა .)