Artist: Brad Mehldau
Album: Highway Rider
Release Date: 16 March, 2010
Label: Nonesuch Records
შეფასება: 1 2 3 4 5 67 8 9 10
ბრედ მელდაუ თანამედროვე ჯაზის სამყაროში ერთერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად იქცა. ამერიკულ ჯაზში მუსიკოსი ყოველთვის ტრადიციის და კლასიკური ჯაზის (ა)ჩრდილებით იქნება შემოსაზღვრული, მას ყოველთვის მიაძახებენ – “კარგი ხარ ბიჭო, მაგრამ მე მახსოვს მონკი როგორ უკრავდა და შენ ახლოსაც ვერ მიხვალ მასთან.” შესაბამისად რთულია დაიმკვიდრო ადგილი ჯაზში. სოლო კარიერის დაწყებამდე სხვადასხვა ბენდში უნდა იმუშაო, სხვადასხვა მუსკოსებთან დააგროვო გამოცდილება. ერთი წარმატებული და საინტერესო ალბომით შორს ვერ წახვალ, არაფერს მოგცემს. რამოდენიმე მსმენელი გამოგიჩნდება, შეიძლება „იმედისმომცემი“ მუსიკოსის სტატუსს გაარტყა კიდეც, მაგრამ “მნიშვნელოვანი ფიგურა” ეს უკვე სხვა სტატუსია, მოინდომე, დაიხვეწე, იმუშავე და რა იცი ერთ დღესაც შეიძლება ვიღაცამ დაწეროს Jazz Times-მა, ან Allaboutjazz-მა, ეს ბიჭი (ან გოგო, თუ გოგო ხარ) “მნიშვნელოვანი ფიგურააო”.
მელდაუს განვითარება, როგორ მუსიკოსის, პირველი ალბომიდან მოყოლებული ახალ “Highway Rider”-ამდე შეიძლება კარგად დაინახოთ. ყოველ ალბომში, ყოველ კონცერტსა თუ პროექტში ეს მუსიკოსი კონკრეტულ მიზანს ისახავს, კონკრეტულ კონცეფციას ეძებს, რომლის ბოლომდე მიყვანა და დახვეწა მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მელდაუ განსხვავებულია სოლო ალბომებში, განსხვავებულია ტრიოსთან მუშაბისას და ახალი მიდგომა აქვს თითქმის ყოველი დისკისადმი. ორიგინალური კომპოზიციებით აწყობილი “Elegiac Cycle”, “Places” და “House On The Hill” სრულიად განსხვავეული დისკებია. “Elegiac Cycle” ერთიანი კონცეპტი სადაც მელოდია ბრუნდება და კომპოზიციები თითქოს წრეში ბრუნავს სრულიად განსხვავდება ენერგიული და ბითით სავსე “House On The Hill”-ისაგან.
ვრცელი ორკესტრული ნამუშევარის შექმნა დიდი ხანია უკვე პიანისტის მიზანი იყო. ალბომის სადაც ჯაზ ტრიო და მელდაუს კლასუკური მუსიკისადმი სიყვარული გაერთიანდებოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მისთვის. თავის სოლო ნამუშევებში მელდაუ ყოველთვის აკეთებდა აქცენტს კლასიკური მუსიკიდან მომავალ ფესვებზე, ჩაიკოვსკის და ბეთჰოვენის გავლენაზე, მაგრამ ტრიოსთან ერთად და უფრო მეტი ორკესტრთან ერთად ასეთი ნამუშევრის ჩაწერა აქამდე არ გაუბედავს.
“Highway Rider”-ზე სამუშაოდ მელდაუმ ისევ მიმართა Jon Brion-ს რომელთან ერთადაც მან ალბომ “Largo”-ზე იმუშავა. “Largo”-შიც მელდაუ ორკესტრულ არანჟირებას იყენებს, თუმცა ალბომში შესულია ძირითადად ქავერ ვერსიები სხვადასხვა პოპ/როკ შემსრულებლების სიმღერებზე და ამ დისკს არც ერთიანი კონცეპტი აქვს – გარდა ჟღერადობისა ამ კომპოზიციებს არაფერი ერთიანებს. “Highway Rider”-ს, რომელიც მართლაც რომ საუნდტრეკივით ჟღერს არარსებული ფილმისთვის, უკვე სრული, ერთიანი კონცეფცია გააჩნია, რომელიც მელდაუმ კარგად აღწერა ალბომის ბუკლეტში – “Highway Rider is a journey – a journey far away from home, and then the return home. Some of that journey is made in solitude and some of it is made with others.” ამ მოგზაურობაში ყვლა კომპოზიცია თავის როლს ასრულებს, განსაკუთრებულ მომენტს ან ემოციას აღწერს.
ალბომის გახსნა “John Boy” ფორტეპიანოს ცოცხალი რიტმით იწყება, რომელსაც ფონად Matt Chamberlain-ის პერკუსია მისდევს. შემდეგ შემოდის ორკესტრი ჩასაბერი ინსტრუმენტებით. “John Boy” შეუდარებელი ინტროა ასეთი დისკისთვის, რადგან ალბომის ჟღერადობა მთელ თავის მრავალფეროვნებაში კარგად არის გაერთიანებული ამ ლაღ და ცოცხალ კომპოზიციაში, რომელიც განგაწყობთ მთელი ალბომის მოსასმენად. შემდეგი კომპოზიცია “Don’t Be Sad” უკვე მელანქოლიური და დაბალი ტემპის მქონე ტრეკია, სადაც პირველად ჩნდება სიმებიანი ორკესტრი და საქსაფონისტი Joshua Redman, რომელიც ლამაზ მელოდიას ხატავს ორკესტრის და მელდაუს როიალის ფონზე.
პირველი დისკის მეუთე ტრეკი “The Falcon Will Fly Again” ჩემი ერთერთი უსაყვარლესი კომპოზიციაა ამ ალბომიდან, ისევ ცოცხალი ფორტეპიანოთი გახსნილი სიმღერა რედმანთან და ჩემბერლინთან ერთად კრეფს ტემპს, ივსება. თვითონ მელდაუ უკრავს მშვნეიერ სოლოს ამ კომპოზიციაში – ლამაზად ახერხებს რთულ რითმთან ერთად მელოდიური იმპროვიზაცია გაავრცოს და შემდეგ ისევ დაუბრუნდეს მთავარ თემას. შემდეგ რედმანის სოლო იწყება, ისიც ცოცხალია დახვეწილი და მოკლე, წყვეტილი ნოტებით აწყობილი. ყველაზე ძალიან კი ის მიყვარს რაც ხუთ წუთსა და ორმოცდაორ წამზე ხდება „The Falcon Will Fly Again“-ში – რითმი წყდება, და პაუზის შემდეგ ახალი რითმი იწყება ახალი მელოდიით, რომელსაც შემდეგ სიმღერით ჰყვებიან მუსიკოსები სტუდიაში. ძალიან ლამაზი და სიცოცხლით სავსე კომპოზიცია გამოვიდა, სიცილი და შეძახილები ბოლოს უფრო ნათელს ხდის იმას, რომ სტუდიაში მუსიკოსები, რომლებიც ასეთ „სერიოზულ და პარტიტურებიან“ მუსიკას უკრავენ თვითონ დიდ სიამოვნებას იღებენ იმისაგან რასაც აკეთებენ.
ერთი პირველი დისკის მეექვსე ტრეკზეც ვიტყვი და შემდეგ მეორე დისკზე გადავალ, თორე დაგღალეთ ამ დეტალური აღწერებით მგონი. კომპოზიციაში „Now You Must Climb Alone“ მელდაუ რიხარდ შტრაუსისეულ მიდგომას იყენებს ორკესტრისადმი, როცა ყოველი ინსტრუმენტი ცალკე უკრავს თავის პარტიას და ყველა ეს პარტია ერთობლივად ედება ერთმანეთს რაც უჩვეულო, საინტერესო ჟღერადობას ქმნის. ტრადიციული ორკესტრული მიდგომა ასეთია – სიმებიანი ინსტრუმენტები ძირითადად სექციებად არის დაყოფილი და ყოველი სექცია ერთსა და იმავე პარტიას უკრავს. აი ამის თქმა მინდოდა.
მეორე დისკიდან ერთ კომპოზიციაზე მინდა გავამახვილო ყურადღება – “Into The City”, სადაც არავითარი რედმანი, არანაირი ორკესტრი და არანაირი შტრაუსი არ უკრავს. ეს ძლიერი რიFული კომპოზიციაა ტრიოსთვის, სადაც მელდაუ როგორც ყოველთვის როგორღაც ახერხებს მარცხენა ხელით დაუკრას იმდენი, რასაც ბევრი ორი ხელით ვერ უკრავს და Jeff Ballard-ი Larry Grenadier-თან ერთად სოცრებებს აკეთბს.
ალბომი მრავალფეროვანია და ამავდროულად ერთიანი. საუნდი “Highway Rider”-ში უფრო ნათელი და სუფთაა ვიდრე „Largo“-ში. ყველა აქცენტი სწორად არის დასმული, კარგად ისმის ორკესტრიც, რედმანიც, მელდაუც და საერთოდ ყველა მუსიკოსი. რთულია ასეთი ჩახლართული კონცეპტის და არანჟირების მქონე ალბომი იყოს დაწერილი და ჩაწერილი ისე, რომ მსმენელისთვის არ გახდეს ბუნდოვანი, მაგრამ მელდაუმ ეს მოახერხა.
ინტერვიუში ალბომისთვის მუსიკოსი ამბობს, რომ მუშაობა ალბომზე მას აიძულა იმან, რომ ეს არ არის მისი ჩვეული სამუშაო, რასაც ყოველთვის აკეთებდა და ამიტომაც საინტერესოა. “It’s so exciting to write something and have it in your head and then hear if for the first time being played by these magnificent players. It’s really an emotional experience. I’m still reeling from it.” – Brad Mehldau.
“Highway Rider”-ით მელდაუმ გამოწვევა გაუკეთა საკუთარ თავს, შეძლებდა თუ არა ჩაეწერა ასეთი დახვეწლი დისკი, ეყოფოდა თუ არა გამოცდილება და შემოქმედებითი ნიჭი. მელდაუმ ეს შეძლო. “Highway Rider” ახალი ეტაპია მის შემოქმედებაში, ალბომი, რომელიც ახალ გვერდს ხსნის მუსიკოსის ბიოგრაფიაში.
tracklist:
1.01 John Boy 3:11
1.02 Don’t Be Sad 8:35
1.03 At the Tollbooth 1:06
1.04 Highway Rider 7:42
1.05 The Falcon Will Fly Again 8:17
1.06 Now You Must Climb Alone 4:06
1.07 Walking the Peak 8:00
2.01 We’ll Cross the River Together 12:23
2.02 Capriccio 5:16
2.03 Sky Turning Grey (For Elliott Smith) 6:20
2.04 Into the City 7:34
2.05 Old West 8:24
2.06 Come with Me 6:15
2.07 Always Departing 6:21
2.08 Always Returning 9:52
3.01 Bonus Download: Highway Rider (commentary & demo) 9:34



სულხანი
მელდაუ გენიოსია, სასცაულია პირდაპირ, ვიცი ეგ ალბომი, 3 დღეა უსმენ !!!
March 31, 2010 at 10:30 am