რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ჯაზი ახალგაზრდაა. ერთი საუკუნე არც ისე დიდი პერიოდია, მაგრამ საუკუნეც არეული შეხვდა ჯაზს. ეს მუსიკა ორიგინალური, ყველაფრისგან განსხვავებული დაიბადა და აღმოჩნდა, რომ მას დიდი ენერგია აქვს – საკმარისი იმისთვის, რომ ბევრი რამ შეცვალოს თავის ირგვლივ, მოახდინოს გავლენა სამყაროზე. რა თქმა უნდა მან სხვებისგანაც ბევრი ისწავლა – თეთრმა მუსიკამ შეცვალა ჯაზი – დახვეწა და სრულჰყო, შესაბამისად თეთრი მუსიკაც გაჯაზდა, უფრო თავისუფალი და მრავალფეროვანი გახდა, ბლუზის ელემენტები მიიღო. თავისი არსებობის პერიოდში ჯაზი ხშირად იცვლიდა მიმართლებას, ხდებოდა რადიკალურად ახალი ინოვაციური.

თავისი არსებობის პერიოდში ეს მუსიკა ყოველთვის ანელებდა განვითარებას, ჩერდებოდა, იცვლიდა მიმართულებას და ხშირად სიახლეებს მოკლებული თანამედროვეობას სცდებოდა. ალბათ ზუსტად ასეთი იყო ჯაზი 80იანების დასასრულს და 90იანების დასაწყისში. ამ დროს ჯაზ-როკმა და ფიუჟენმა თავი ამოწურა, გახდა არასინტერესო მსმენელისთვის. ტრადიციული, კლასიკური ჯაზი ყოველთვის კარგი იქნება, მაგრამ სიახლეები იქ ცოტაა. ყოველთვის გვეოლება კიტ ჯარეტი, რომელიც გრძელი და ლამაზი იმპროვიზაციებით ახსებს დისკებს, მაგრამ ესეც უფრო თვითმყოფადი ავანგარდია, ვიდრე აქტუალური სიახლე.

1993 წელს ჩამოაყალიბა Esbjörn Svensson-მა თავისი ტრიო და ამავე წელს გამოვიდა ტრიოს პირველი ალბომი When Everyone Has Gone. ინდივიდუალური, მელოდიური საუნდი ჯგუფს თავიდანვე ჰქონდა, მაგრამ მათი არსებობის შესახებ ცოტამ თუ იცოდა. 1999 წელს მეხუთე ალბომის From Gagarin’s Point of View გამოსვლის შემდეგ „მსოფლიო ტური“ ორად-ორი კონცერტით შემოიფარგლებოდა. შვედური ტრიო ჰამბურგის ერთერთი სასტუმროს ბარში აღმოაჩინა Burkhard Hopper-მა, რომელიც შემდეგში მათი მენეჯერი გახდა.

ადამიანს რომელიც 1993 წელს 29 წლისაა უკვე ზედმეტად ბევრი რამ აქვს მოსმენილი, იმისათვის რომ უკან მიუბრუნდეს ჩარლი პარკერს. 60იანები უკვე რამოდენიმე თაობამ გამოიარა. სამმა დეკადამ სრულად შეცვალა მსოფლიო, ხალის მსოფმხედველობა და შესაბამისად მუსიკალური გემოვნება. კარგია თუ შენ ისევ ჩარლი პარკერს უკრავ, გემოვნებიანია და სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ ეს ახალი მუსიკა არ არის. Esbjörn Svensson Trio-ს მუსიკა არის ამ სამი დეკადის შემდეგ შექმნილი ჯაზი, რომელშიც ისმის გავლენები, როგორც როკენროლიდან, ასევე ელექტრონული მუსიკიდა. e.s.t. უკრავდა დღევანდელ, ახალ ჯაზს, ჯაზს რომელიც დღეს ცოცხლობს და არა ჯაზს რომელიც იყო.

Esbjörn Svensson-მა თავის ტრიოსთან ერთად მოახერხა დაეჭირა ის საუნდი, რომელიც უკვე მომწიფებული იყო და თითქმის ჰაერში ტრიალებდა. ამ ჟღერადობამ შექმნა ჯაზში ახალი ტალღა, რომელსაც თავისთავად ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსი და ჯგუფი მოჰყვა. e.s.t.-ს არ გამოუგონებია რაღაც ახალი მუსიკა, ეს არ იყო უსასრულო ძიება ექსპერიმენტებში, რომელსაც ძირითადად უბრალოდ არსად მიჰყავს მუსიკოსი, ამ ტრიომ მოახერხა უბრალოდ დაეჭირა ეპოქის სული და გაეჯაზებინა ის.

ელექტრონული ეფექტებით და როკული რითმებით e.s.t. ხშირად უკრავს, როგორც როკ ჯგუფი. ალბომები აწყობილია არაჯაზურად, მკვეთრად გამოხატული ერთგვარი სიმღერული წყობით კომპოზიციებში, წინ წამოწეული მელოდიით, რომელიც მისამღერივით მეორდება, რამოდენიმეჯერ. მაგრამ ცოცხლად e.s.t. სულ სხვანაირად ჟღერს – ეს ნამდვილი ცოცხალი ჯაზია, ენერგიული და იმპროვიზაციით სავსე.

2006 წლის ალბომმა Tuesday Wonderland ტრიოს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა. ამ პერიოდში e.s.t.-მ სრულად მოახერხა გაეღწია სკანდინავიიდან და გამხდარიყო მსოფლიო მნიშვნელობის ჯგუფი. დიდ მნიშვნელობა აქვს ევროპული ჯგუფისთვის როცა ის წარმატებას ამერიკაში, ჯაზის სამშობლოში აღწევს.

Esbjörn Svensson-მა თავის ტრიოსთან ერთად ჯაზი შეცვალ, გამოაღვიძა, გააახალგაზრდავა და წლები ჩამობერტყა. დღეს e.s.t.-ს გავლენა ყველგანაა. 2008 წლის 14 ივნისს Esbjörn Svensson 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. არავინ იცის კიდევ რამდენად მოახერხებდა  ეს მუსიკოსი ჯაზის გაშლას. ტრიოს ბოლო სამი ალბომი სავსეა სიახლეებით და ახალი ჟღერადობის ძიებით. ყოველ შემთხვევაში Esbjörn Svensson-ის შემდეგ ჯაზი თავისი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა.

კომენტარები

არც ერთი კომენტარი არ დაწერილა.

დატოვეთ კომენტარი

© Copyright MUZAME - Music Magazine. All Rights Reserved.