yeasayerbyguyaroch []Yeasayer, ნიუ-ორკული ბენდი, რომელიც დაახლოებით 2-3 წლის წინ გამოჩნდა მუსიკალურ სცენაზე. მათი სადებიუტო ალბომი “All Hour Cymbals” გამოირჩეოდა სრულიად ახალი, პოპ-ინდი ესთეტიკისგან გასხვავებული ჟღერადობით. ფსიქოდელიურ-ექსპერიმენტალური საუნდი გუნდური ჰარმონიებით, რომელსაც ბევრმა ახლო აღმოსავლური პოპი შეარქვა. მართლაც, ჯგუფის წევრები ძალიან ფართო დიაპოაზონის მუსკიოსები არიან და სხვადასხვა მუსიკალური კულუტურებისგან იღებენ გამოცდილებას.
წლის მეორე ნახევარში ბენდმა გვამცნო, რომ ისინი ახალ ალბომს წერდნენ. ახლახანს გაირკვა ალბომის გამოსვლის თარიღიც, 2010 წლის 9 თებერვალი, სწორედ ამ დღეს გამოვა ოფიციალურად “Odd Blood”. ერთი განახათ როგორ მუშაობდნენ ჯგუფის წევრები სტუდიაში ამ ხნის განმავლობაში. მართალია, ჩაწერებს მეც არ დავსწრებივარ, მაგრამ ერთი-ორი ვიდეო და რამდენიმე ფოტო, რომლებიც Yeasayer-ის ბლოგზე გამოჩნდა, საკმარისად ასახავდა ყველაფერს. ხომ გესმით, დღევანდელი ტექნოლოგიური ზეაღსვლის პირობებში, როცა მუსიკოსები სადენებში იკარგებიან, როცა იზრდება შესაძლებლობები ახალი განზომილებების პოვნის, რამხელა გასაქანი აქვთ ისეთ ნიჭიერ მუსიკოსებს, როგორებიც Ira Wolf Tuton, Anand Wilder და Chris Keating არიან.
თქვენ წარმოიდგინეთ, Muzame-ს მიეცა საშუალება სოწრედ ამ ნიჭიერ მუსიკოსებთან ჩაეწერა ინტერვიუ. მათი მენეჯერის დახმარებით შევძელით ონლაინ-ინტერვიუს ორგანიზება. ჩვენს შეკითხვებს ჯგუფის ვოკალისტმა, Chris Keating-მა უპასუხა…

მისალმება: გამარჯობა, გამარჯობა Yeasayer-ს.

Muzame: რამდენად უცნაურად გეჩვენებათ ინტერვიუ ქართულ მუსიკალურ ჟურნალთან?

Chris Keating: მე გაოცებული ვარ, რომ ქართული მუსიკალური ინტერნეტ-ჟურნალი დაინტერესდა Yeasayer-ის შემოქმეთებით. ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო შეგვეგროვებინა სხვადასხვა ქვეყნებისა და ეპოქების მუსიკალური გამოცდილება, შემდეგ კი ისე შეგვერია ერთმანეთში, რომ ყველასთვის მიმზიდველი გამოსულიყო. სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ შენი მუსიკა კულტურულ და გეოგრაფიულ საზღვრებს გასცდა. ჩემი ყველაზე ძვირფასი მოგონებები Yeasayer-ის ტურნედან იმ ქვეყნებს უკავშირდება, რომლებშიც იშვიათად ჩავდიოდით. იმედია, ერთ დღეს საქართველოშიც ჩამოვალთ.

Muzame: თქვენი ახალი სინგლი “Ambling Alp” უფასოდ დადეთ საიტზე, ისევე როგორც ”2080” და ”Sunrise” თავის დროზე. გადმოგიწერიათ თუ არა თქვენ თვითონ არალეგალურად ალბომები? თუ დისკებს ყიდულობთ ხოლმე, საერთოდ რა ფორმით უსმენთ მუსიკას?

Chris Keating: პრინციპში, მე ისევ ვყიდულობ დისკებს და iTunes-იდან ვიწერ ხოლმე. არალეგალურად არასდროს გადმომიწერია ალბომი, მაგრამ ამას ვაკეთებ არა იმიტომ, რომ ვუფრთხილდები მუსიკოსების საავტორო უფლებებსა და მათი შემოსავლის წყაროს, არამედ უფრო იმიტომ, რომ ინტერნეტის ისე კარგად არ გამეგება, რომ ის ვიპოვო რაც მინდა. მირჩევნია გადავიხადო 9,99 $, ლეგალურად გადმოვწერო ალბომი, ვიყო დარწმუნებული მის მაღალ ხარისხში და ჩემს iTunes ბიბლიოთეკაშიც უპრობლემოდ გავაგზავნი. ასევე ვუსმენ მუსიკას iPod-ით ჩემს სტერეო სისტემაზე, მაგრამ ახლა ისევ დისკებზე გადასვლას ვაპირებ მათი სიხშირეების მაღალი დიაპაზონის გამო, უბრალოდ ჩემი პლეიერი უნდა მოვიტანო ძველი სახლიდან.

Muzame: ვინ არიან თქვენი ფავორიტი თანამედროვე ჯგუფები (Yeasayer-ის შემდეგ, რა თქმა უნდა:))რომელი ალბომები მოგეწონათ 2009 წელს?

Chris Keating: მოდი ვნახოთ… წლევანდელი ალბომებიდან ნამდვილად მომეწონა Animal Collective-ის, Bat for Lashes-ის, Bear in Heaven-ის, Little Dragon-ის, Major Lazer-ის და არ ვიცი ალბომი გამოუშვეს თუ არა, მაგრამ Sleigh Bells-ის სიმღერები, ინტერნეტში რაც გაავრცელეს, ნამდვილად კარგია.

Muzame: როგორ მიგდით საქმეები, გაქვთ საკმარისი შემოსავალი მუსიკიდან თუ სხვა პროფესიებსაც ფლობთ და სხვაგანაც მუშაობთ, რომ ფული იშოვოთ(ამას იმიტომ გეკითხებით, რომ საქართველოში ძირითადად ასეა, მუსიკოსები ბანკში მუშაობენ და მუსიკა ჰობივით აქვთ)?

Chris Keating:
მე არ ვარ მდიდარი, მაგრამ გასულ წელს იმაზე მეტი ფული ვიშოვე ჩემი მუსიკით, ვიდრე ოდესმე ჩემი უბრალო სამუშაოთი ან სხვა რამით. ჩაწერების და ტურების გამო დიდი დრო არ მრჩება, რომ რამე სხვა სერიოზული პროფესია მქონდეს და ისე თუ მთლად საცოდავი არ გავხდი, ვერ წარმომიდგენია სხვა სამუშაოზე როგორ უნდა ვიმუშავო.

2407457096_2c9e37825e

Muzame: Luke Fasano როგორ არის, რას შვება? რა მოხდა, რატომ წავიდა ჯგუფიდან? მიიღო მონაწილეობა ახალი ალბომის ჩაწერაში?

Chris Keating: პირადად მე თითქმის წელიწადია Luke-ისგან არაფერი მსმენია, მაგრამ გავიგე რომ კარგად არის. ის ძალიან ნიჭიერი მუსიკოსია და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.

Muzame: როგორი ალბომი იქნება “Odd Blood”, როგორი ჟღერადობა ექნება, ალბომის ყდა მზად არის უკვე?

Chris Keating:
“Odd Blood”-ში ჩვენ უარი ვთქვით იმ ჟღერადობაზე, რომელიც გამოვიყენეთ “All Hour Cymbals”-ში. ჩვენ ვცილობდით შეგვექვმნა იმის საპირისპირო, რაც შეიძლებოდა უწინ გაგვეკეთებინა. სავსე, ორკესტრული ჟღერადობა ღარიბულით შევცვალეთ, გუნდური ჰარმონიები სოლო ვოკალებმა ჩაანაცვლა, აკუსტიკური ინსტრუმენტების ნაცვლად კი სემპლირებული ხმები გამოვიყენეთ. ყოველთვის როცა გიტარაზე ვუკრავდით გვინდოდა, რომ მას გამოეცა ნებისმიერი ხმა თავად გიტარის ხმის გარდა. ყოველთვის როცა დრამს ვწერდით გვინდოდა, რომ თითეულ დარტყმას თავისი ინდივიდუალური ხმა ჰქონოდა.
ალბომის ყდა უკვე მზად არის და არაჩვეულებრივად გამოიყურება. ის ჩვენმა განათების რეჟისორმა, Ben Phelan-მა, დაამზადა და ნამდვილად იმ ემოციებს გამოხატავს, რომლის გამოხატვაც გვინდოდა ამ ახალი ალბომით.

Muzame: როგორ მიაღწიეთ წარმატებას, სადმე კლუბში უკრავდით და იქ გიპოვნათ ვინმემ, თუ დემოებს აგზავნიდით ლეიბლებში (ამასაც იმიტომ გეკითხებით, რომ ქართული ახალბედა ჯგუფებისთვის ერთგვარი რჩევა იქნება როგორ უნდა მოიქცნენ)? საერთოდ როგორ გგონიათ, შეიძლება რომ ქართულმა ჯგუფმა მიაღწიოს წარმატებას ამერიკულ ან ევროპულ მუსიკალურ ბაზარზე?

Chris Keating:
ფაქტობრივად ჩვენ myspace-ის მეშვეობით აღმოგვაჩინეს, მაგრამ მე არ ვურჩევ ახალგაზრდა ბენდებს, რომ უსაქმურად ისხდნენ და ელოდონ როდის აღმოაჩენს ვინმე მენეჯერი. ჩვენ უამრავი კონცერტი გვქონდა ნიუ-ორკში, ვცდილობდით გამოჩენას რამდენადაც შესაძლებელი იყო, თან კონტაქტებს ვამყარებდით და პრომოუშენს ვიკეთებდით. ნიუ-ორკში გადასვლა დიდი წინსვლა იყო ჩვენთვის, იქ ხალხი უფრო სერიოზულად გიყურებს, ვიდრე ამერიკის სხვა რომელიმე ქალაქში და თანაც უამრავი ადგილია სადაც შეიძლება დაუკრა.

Muzame: Yeasayer ლაივში საკმაოდ განსხვავდება სტუდიური Yeasayer-ისგან, რა შეგრძნებები გრჩებათ კონცერტებზე და როგორია თქვენი მუშაობა სტუდიაში?

Chris Keating: ჩვენ ყველაფერს ერთდროულად ვწერთ და არ ვასრულებთ მანამდე ცოცხლად, მერე, როცა ცოცხლად გვიწევს დაკვრა, ჩანაწერს ვუსმენთ და იქიდან ვარჩევთ როგორ უნდა დავუკრათ. ზუსტი იგივეობის მიღება თითქმის შეუძლებელია და არც გვინდა, მერე გამოდის, რომ ჩვენ ბექ-ვოკალების ფუნქცია უნდა შევასრულოთ, თან ძნელია დააკოპირო სტუდიური ვოკალის ეფექტები. ცოცხლად შესრულება კარგი გამოცდილებაა ჩვენთვის, რომ გავიგოთ, როგორ გავამარტივოთ სიმღერები და გავხადოთ მსმენელისთვის უფრო სასიამოვნო. როცა ვინმე უსმენს მუსიკას ყურსასმენებით თავის ოთახში, ის უნდა განსხვავდებოდეს იმისგან, რისი მოსმენაც სურს მას კონცერტზე და ჩვენ სიამოვნებით ვუსრულებთ მათ ამას.

Muzame: როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება 2080 წლის საუკეთესო ალბომი? ისევ გიტარაზე დაუკრავს ხალხი თუ დელფინის კბილი იქნება მთავარი მუსიკალური ინსტრუმენტი? :)

Chris Keating: 2080 წელს ადამიანები და კომპიუტერები შეერთიანდებიან და ალბათ ყველა მსურველს ექნება საშუალება დაწეროს იდეალური პოპ-მუსიკა. მათი გაზრდილი ტვინები წამებში გადააქცევენ ხელჩასაჭიდ ფრაზებს ეფექტურ ხაფანგებად, რომლებიც ყველას მოეწონება. რევოლუციონერი მუსიკალური მეამბოხეები კვლავ აჯანყდებიან და ჩაებღაუჭებიან თავიანთ მუზებს, თუმცა ისინი კვლავ დაწერენ მოსაბეზრებელ სიმღერებს, რომლებიც ისეთი კარგი აღარ იქნება.

მე ვფიქრობ რომ გიტარა არასდროს მოკვდება, არის რაღაც ჯადოსნური ამ ინსტრუმენტში, რაც ყოველთვის მოაჯადოვებს ხალხს. წარმოდგენაც არ მაქვს როგორი იქნება 2080 წელს მუსიკა, თუ მანადმე კაცობრიობამ საერთოდ თავი არ დაიღუპა. მე ვფიქრობ, რომ ტიპური ფუტურისტული ხედვა შემდეგნაირია – ყველაფერი სინთეზური იქნება, სემპლები, სინთეზატორები… მაგრამ ჩემი აზრით, პოპულარული მუსიკა წრეში ბრუნავს, მაგალითად როგორც ახალბედა Nirvana-მ დაგვაბრუნა როკის საფუძვლებისკენ, 80-იანების ტექნოლოგიური რევოლუციის მიუხედავად. ახლა ყველაფერი უფრო დანაწევრებულია, თუ გინდა მოუსმინო გიტარას, შეგიძლია მოუსმინო გიტარას, თუ გინდა მოუსმინო Major Lazer-ს, ესეც შეგიძლია. მე ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება.

Muzame: გმადლობთ ყურადღებისთვს წარმატებები !!!

Myspace

yeasayer.net

odd-blood.blogspot.com

კომენტარები

დატოვეთ კომენტარი

© Copyright MUZAME - Music Magazine. All Rights Reserved.