შვედური ჯაზის ტრილოგია: Jan Johansson

მოწყენილი უამინდობისგან გადავწყვიტე მუზამესთვის გამეკეთებინა შვედური ჯაზის ტრილოგია.

შვედური ჯაზის ტრილოგია იქნება სამი სტატია სამ შვედ ჯაზისტზე სხვადასხვა ეპოქიდან. შევეცადე ამერჩია თითქოს ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მუსიკოსები, რომლებზე წერაც საინტერესო იქნებოდა და შესაბამისად კითხვაც.

შვედეთი ძირითადად პორნოფილმებით არის განთქმული. ვიკინგურ სიუჟეტეზე დადგმული სცენები ნებისმიერი ქვეყნის მაყურებელს უჩქარებენ გულის რითმს. ეს ყველაფერი დაახლოებით ასე გამოიყურება – მაღალი ქერათმიანი რაინდი შემოდის ოთახში თავისი ცეცხლმოკიდებული ხმლით და მის წინ იისფერ ზეწრებიან სასთუმალზე ტუჩებგაბერილი და მკერდმოშიშვლებული ქერა ქალია მიჯაჭვული, რომელიც ამ საშინელ ციხეში უკვე რამოდენიმე თვეა ჩაკეტილი. შემდეგ ალბათ გასაგებია, რომ რაინდი გოგონას გადაარჩენს და გოგონაც ვალში არ დარჩება.

ვიკინგური სიუჟეტები საერთოდ მოსვენებას არ აძლევს ამ ქვეყანას და შვედური პორნოგრაფიიდან ვიკინგებმა შვედურ მეტალში გადმოინაცვლეს, რომელიც უსაზღვროდ ბევრია სკანდინავიაში. მაგრამ არის ხალხი ვისაც ზანგების მუსიკა მოსწონს, და ეს ხალხი არც ისე ცოტაა.

საერთოდ, ვიკინგების და მიუხედავად, ჯაზი სკანდინავიაში მნიშვნელოვანი რამ არის. პოლონეთში, შვედეთში, ისლანდიაში საკმაოდ საინტერესო ფორმა მიიღო ამ ზანგური ბლუზიდან განვითარებულმა მუსიკამ. დღესაც ექსპერიმენტები და ახალგაზრდა მუსიკოსები ამ ჟანრში უამრავია, ძიება და მუსიკის ფარგლების გაშლა არ მთავრდება. ჯაზური ტალღა სკანდინავიაში დღეს და გუშინ დაწყებული არ არის, 30იანი 40იანი წლებიდანვე აიდგა ფეხი სკანდინავიურმა ჯაზმა და მალევე იპოვა მსმენელიც. ჯერ სკანდინავიაში და მერე უკვე მთელს მსოფილოში (დიდი მადლობა ინტერნეტს და mp3 ფორმატს, რომლებმაც ცხოვრება ასე აუტანლად გაგვიმარტივეს). 40იანი წლების შემდეგ ყველაფერი ლოგიკურად 60იანებამდე მივიდა და ბუნებრივია მთელს კონტინენტზე როკენროლი გამეფდა, რომლის ხმები ინგლისიდან შვედეთადე დარწმუნებული ვარ კარგად აღწევდნენ.  იმ დროს როცა The Beatles და The Rolling Stones იწყებდნენ ალბომების გამოშვებას, მაშინ როცა ჯაზი თავის სამშობლოშივე იცვლებოდა, ხდებოდა გაუგებარი, აგრესიული და უფრო მეტ მუსიკალურ ჟანრს იერთებდა, მიემართებოდა ბოპიდან Free ჯაზისაკენ, ხდებოდა სულ უფრო და უფრო ავანგარდული, მომთხოვნი ის ძიებაში მალე ფიუჟენამდე მივიდოდა, შვედეთში მელოტმა პიანისტმა Jan Johanssonმა გადაწყვიტა ჩაეწერა მუსიკა, რომელიც სრულიად მოწყვეტილი იქნებოდა ამ ყველანაირი გაგებით რევოლუციურ ტენდენციებს და შვედურ ფოლკზე აწყობილი მელოდიებით წერდა EPებს, რომლებიც შემდეგ ერთ ალბომში გაერთიანდა სახელწოდებით „Jazz på svenska“ (ჯაზი შვედურად).

Jan Johansson, რომელიც თითქმის უცნობია სკანდინავიის გარეთ და უბრალოდ ინფორმაციის მოძიებაც კი რთულია მასზე, დღესაც გავლენიანი და მნიშვნელოვანი პიანისტია შვედეთსა და მთლს სკანდინავიაში, რომელმაც ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსისთვის შექმნა ახალი მიმართულება. შვედური ფოლკის თავიდან აღმოჩენით მან მოახერხა ჯაზი გაეცოცხლებინა შვედეთისთვის. ეს მუსიკა აღარ იყო იმპორტი ოკენეს გადაღმა ქვეყნიდან, რომლის დაკვრა მხოლოდ ისე შეიძლება როგორც არმსტრონგი და გილესპი უკრავენ იქ – ემიგრანტების აშენებულ ქვეყანაში; ჯაზი გახდა შვედური, აქტუალური. თვითონ იოჰანსონი თავის მუსიკა სხვანაირად უყურებდა: „მე უბრალოდ მინდოდა საშუალება მიმეცა მსმენელისთვის, მოესმინათ ეს მელოდიები. თუ მე ამას არ გავაკეთებდი ეს მუსიკა ისევ დარჩებოდა ბიბლიოთეკების დამტვერილ თაროებზე – იქ სადაც მე ვიპოვე ის.“ „მე დავინტერესდი შვედური ფოლკით იმიტომ, რომ ეს მუსიკა ჯაზის ელემენტებს მომაგონებდა. ფოლკში დანახულმა ბლუზურმა ნოტებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. მელოდიასთან ერთად ამ სიმღერებში ძლიერი რითმი ცოცხლობდა, შეგეძლო უბრალოდ დაგეკრა ეს მელოდიები. არ მინდოდა მათი რამენაირად გადაკეთება.“

„Jazz på svenska“ თბილი სიმშვიდით სავსე ნაზი მელოდიების ნაკრებია.მიუხედავად იმისა, რომ იოჰანსონი სკანდინავიის ფარგლებს გაერთ ნაკლებადაა ცნობილი და მისი სხვა ალბომების მოპოვება ძალიან რთულია „Jazz på svenska“ შვედური ჯაზის ბესტსელლერია.

„Jazz på svenska“ – ს შემდეგ, უკვე რუსული ფოლკის გავლენით, იან იოჰანსონმა ჩაწერა ალბომი „Jazz på Ryska“. ამ დისკის ჟღერადობა განსხვავდება წინა ალბომისგან, მოწვეულია მეტი მუსიკოსი, დამატებულია დასარტყამი და ჩასაბერი ინსტრუმენტები და მუსიკაც განსხვავებულია თავის ტემპით და ხასიათით, მიუხედავად იმისა, რომ იოჰანსონი ინარჩუნებს თავის ნაზ ჟღერადობას და ერიდება ზედმეტობებს დაკვრისას.

ბოლო ალბომი, როლემიც იოჰანსონმა ჩაწერა ეს იყო რადიოშოუს ფონებად დაწერილი 46 კომპოზიცია . დისკის, რომელიც მოგვიანებით გამოიცა სახელწოდებით – Musik Genom Fyra Sekler (მუსიკის ოთხი საუკუნე) ჩაწერიდან ერთ თვეში, 1968 წლის ნოემბერში, 37 წლის იან იოჰანსონი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress