Reid Anderson – The Vastness OF Space

vastnessArtist: Reid Anderson
Album: The Vastness Of Space
Release Date: somewhere in 2000
Label: Fresh Sound New Talent
შეფასება: 1 2 3 4 5 6 78 9 10

ძირითადად რეცენზიები ახალ ალბომებზე იწერება;  უფრო კარგია თუ რომელიმე კარგად ნაცნობი და საყვარელი მუსიკოსის ახალ ალბომზე გაარტყავ რეცენზიას. ეს ალბათ არც ისე უცნაურია – ძირითადად ყველას აინტერესებს სიახლეები, ყველა ეძებს სიახლეებს და ყველა ელის შენგან სიახლეებს. ამიტომაც გადავწყვიტე დამეწერა რეცენზია ძველ დისკზე, თან ისეთი შემსრულებლის ალბომზე, რომელიც საყვარალების სიაში ბევრს არ ეყოლება.

Reid Anderson-ზე ჯერ კიდევ ჩემს ძველ ბლოგზე – სადაც 2009 წლის აპრილის შემდეგ სულიერის ფეხი არ ყოფილა, სპამს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ სპამი სულერებში არც უნდა ჩავთვალოთ მგონი, ასე რომ სულიერის ფეხი იქ არ ყოფილა – რადიოველოსიპედზე დავწერე პატარა ბიოგრაფია და ერთი ალბომის რეცენზია. შეგიძლიათ წაიკითხოთ, ძირითადად სისულელეები წერია, მაგრამ მცირე, აბსოლუტურად უსარგებლო ინფორმაციას მიიღებთ.

ჯაზ პროექტი ძირითადად მუსიკოსებისგან შედგება. ანუ თუ ყიდულობთ ახალ დისკს  და ელით რომ კარგად ნაცნობ მუსიკას მიიღებთ, უბრალოდ იმიტომ, რომ მას Reid Anderson აწერია, ეს ნიშნავს, რომ აბსოლიუტური იდიოტი ხართ ან მუსიკალური ექსპერიმენტები არ გიყვართ, ანუ აბსოლიუტური იდიოტი ხართ. ლიდერი პროექტში განსაზღვრავს მიმართულებას, მაგრამ იმას თუ როგორ მოძრაობს მუსიკა ამ მიმართულების შიგნით უკვე ჯგუფის შემადგენლობა და მუსიკოსები განსაზღვრავენ. ჟღერადობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჟღერადობა სტილია, სტილი შემადგენლობიდან მოდის. ანდერსონი თავის მესამე ალბომში – The Vastness of Space, ახალ შემადგელობას ეძებს და მუსიკაც შესაბამისად ახლებურად ჟღერს.

დასარტყამზე ანდერსონს Marlon Browden ჰყავს, წინა ორ ალბომში ტრადიციულ პიანინოს, სადაც ეთან ივერსონი უკრავდა თავისი ტრადიციული სტილით, გიტარა ცვლის Ben Monder-ით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ალბომში ალბათ ერთერთი ყველაზე მელოდიური და საინტერესო ჩასაბერები – ალტ საქსაფონი Andrew D’Angelo და ტენორ საქსაფონი Bill McHenry. ეს დუეტი დგას ალბომის წინა პლანზე და ამ ორი საქსაფონის მელოდიურობა აქცევს დისკს უაღრესად საინტერესო ალბომად, მაგრამ ყველაფერი თანმიმდევრობით…

anderson_reidთვითონ ანდერსონი ბასისტია (ეს იმათთვის ვინც რადიოველოსიპედის ლინკს არ მიაჭირა, გრცხვენოდეთ), და რა თქმა უნდა ბასისტის ალბომში რითმ სექცია უნდა იყოს საინტერესო. პირველ ორ ალბომში ანდერსონს ბრედ მელდაუს დრამერები ჰყავდა – ჯერ Jordi Rossy და შემდეგ Jeff Ballard. ორივე უაღრესად საინტერესო დრამერია და შესანიშნავ რითმ სექციას ქმნის კონტრაბასთან ერთად, ხოლო მესამე ალბომში Marlon Browden ცოტა ნაკლებად რითმულად და უფრო მრავალფეროვნად უკრავს, მეტი გადასვლით, პერკუსიის ეფექტებით და რითმის ცვლით. Ben Monder შესანიშნავად ავსებს აკორდებით რითმ სექციას და რამოდენიმე საინტერესო სოლოსაც უკრავს. საერთო ჯამში რითმი ძლიერ საყრდენს წარმოადგენს მთელ ალბომში. უმთავრესი ალბათ რამაც შექმნა The Vastness of Space არის მელოდიურობა, ორი საქსაფონისტის ულამაზესი ნამუშევარი .

მთლიანობაში დისკი არ წარმოადგენს რაღაც ჯაზ ან ჯაზ-როკ ალბომს, თითქოს რაღაც ამ ორ სტილს შორის განცალკევებით მდგომი დისკია, რომელსაც პირველი კომპოზიციიდან ბოლომდე კარგად უჭირავს თავისი მიმართულება. ეს არ არის ჯაზი ტრადიციული გაგებით, სოლოებში არ არის ბლუზური ჰარმონიები და პენტატონიკა, არც სინკოპირებული რითმები ისმის, ყველაფერი რაღაც განსხვავებულ, მომიჯნავე ჟღერადობას ეყრდნობა. ჩასაბერი ინსტრუმენტების იმპროვიზაცია ლამაზია და ცდილობს მელოდიისგან შორს არ წავიდეს, ფაქტიურად თემა რამოდენიმეჯერ სხვანაირად იკვრება, სხვადასხვა ინტონაციებით, ფერით და ემოციით და აქ იმპროვიზაციის ადგილი არც ჩანს, მთელი ალბომის ცენტრში დგას მელოდია. ამ მელოდიის სწორი ჟღერადობით დაკვრას და სწორი ფერებით დახატვას ახერხებენ Andrew D’Angelo და Bill McHenry. ორ დინამიკში განაწილებული ორი საქსაფონი ქმნის რბილ და ინტონაციებით სავსე უზარმაზარ სივრცეს, რომლითაც არის The Vastness of Space. ალბომის პირველი ტრეკი – The Vastness of Space საქსაფონების ენერგილული ხმით იწყება და საკმაოდ ლოგიკურ შესავალს უკეთებს მთელ დისკს, რომელიც თავიდან ბოლომდე მელანქოლიური და ენერგიული არის ერთად, თან ახერხებს იყოს მელოდიური და ლამაზიც. მეოთხე ტრეკი Prehensile Dream ალბომის ჟღერადობას და იდეას ყველაზე კარგად კრავს და ერთიანებს საკუთარ თავში, ორი საქსაფონი ერთმანეთს ავსებს, მარცხსენა დინამიკიდან აფრენილი მელოდია მარჯვენა დინამიკში ეშვება და პირიქით, ასე გადასცემს ორი მუსიკოსი ერთმანეთს თემას. ულამაზესია და ძალიან კარგად ისმინება დიდ ყურთ… Fუ ამის… ნაუშნიკებში.

არადა ჯაზი ის მუსიკაა არ არის, რომელსაც დიდ ოთახში დიდი დინამიკებიდან უნდა უსმენდე?

The Vastness of Space არ არის დიდი ალბომების სიიდან, რომლებიც ჯაზის ისტორიაში ახალ გვერდს ხსნიან, რომლებიც ჯაზის სულიერ ცენტრად იქცევიან და არც უბრალოდ კიდევ ერთი მუსიკოსის მიერ დისკად გამოშვებული სავარჯიშოა. The Vastness of Space კარგი ლიტერატურის გვერდზე დგას წიგნის თაროზე, ეს არ არის რთული და გაუგებარი Fოლკნერი, ეს მარტივი და მელოდიური მურაკამია. ეს ალბომი უბრალოდ კარგ რაღაცეებს მახსენებს ცხოვრებაში როგორებიცაა – ოდრი ჰეპბერნი, ივნისის დასაწყისში შვებულება ბათუმში, სპაგეტი შამპინიონებით და არაჟნის სოუსით, ნაცემი სილვიო ბერლუსკონი, შიშველი კარლა ბრუნი… ყველა ეს პატარა ჯადოსნური ნამცეცი უაღრესად მნიშვნელოვანია ნაცრისფერი ყოვლედღიურობის გამოსაცოცხლებლად.

შიშველი კარლა ბრუნი…

აქ შეგიძლიათ უფასოდ მოუსმინოთ მთელ ალბომს

http://www.last.fm/music/Reid+Anderson

1 კომენტარი

  1. გიორგი მამადაშვილი ამბობს:

    მართლაც საინტერესო ალბომია :)

დატოვეთ კომენტარი

კოდი პოეზიაა - WordPress